საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
2კ-764აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001908449

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№764აპ-18 ქ. თბილისი

ხ. კ. 764აპ-18 7 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:

კ. ხ. - დაბადებული ….. ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და კ. ხ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით კ. ხ. ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ კ. ხ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 3 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევი კ. ხ. 2017 წლის 23 თებერვალს, 05:25 საათიდან 05:29 საათამდე პერიოდში, თ-ში, დ. გ-ს ქუჩის N..-ში მდებარე მაღაზია ,,ფ-დან“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ ,,რემი მარტინის“ ფირმის კონიაკსა და ერთ ელექტროსაპარსს, რამაც შპს ,,ფ-ს“ 257 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი კ. ხ. 2016 წლის 27 იანვარს თ-ში, ა-ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული კ. ხ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორი უთითებს, რომ დაუდგენელია, თუ საიდან მოიპოვა გამოძიებამ რეალურად ვიდეოჩანაწერი. ერთი მხრივ, ს. შ-მ სასამართლოში განაცხადა, რომ მაღაზიაში კამერების ჩანაწერი 21 დღეს ინახება, მეორე მხრივ კი გამოძიებამ ჩანაწერი 26 დღის შემდეგ მოიპოვა. საპარსი, რომელიც ამოიღეს, ეკუთვნის მსჯავრდებულის მამას და იგი იდენტიფიცირებული არ არის. კასატორი უთითებს, რომ საქმეში მაღაზიაში ჩატარებული აღწერის დოკუმენტი არ მოიპოვება.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოწმე ს. შ-ს ჩვენებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ვიდეოჩანაწერით, დათვალიერების ოქმით, ცივი იარაღის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კ. ხ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: ვიდეოჩანაწერის მოპოვებასა და მის შინაარსზე), რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და იზიარებს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე