დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
2კ-34-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003096844

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№34I-19 ქ. თბილისი

ა. ი-ი, 34I-19 26 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – დემეტრე ჯინჯოლიას

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ა-ის

ადვოკატ – გ. ბ-ის

თარჯიმან – ნ. ი-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ა-ის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. თ-ის რესპუბლიკის ადიამანის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განაჩენით ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

1.3. 2014 წლის 22 აპრილს თ-ის რესპუბლიკის ადიამანის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ა-სათვის ზემომითითებული განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

1.4. 2018 წლის 12 აპრილს თ-ის რესპუბლიკის ადიამანის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ი. ა-ის დაკავების ბრძანება.

1.5. 2018 წლის 14 ივნისს გამოცხადდა ი. ა-ის ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ი. ა-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ა..

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით ი. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.3. 2019 წლის 1 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით ი. ა-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 22 აგვისტომდე.

2.5. ამჟამად ი. ა. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. ა-მა დააარსა და ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც თ-ის რესპუბლიკის ქალაქ ა-ში 2007 წლის დეკემბრიდან ორგანიზებას უწევდა და უზრუნველყოფდა ხუთ პირს, დაკავებულიყვნენ პროსტიტუციით. ი. ა., მ. ქ., მ. ა. და ზ. ქ. უზრუნველყოფდნენ ამ პირებისათვის კლიენტთა მოძიებას, განსაზღვრავდნენ მათ რაოდენობას და ადგენდნენ მომსახურების ღირებულებას, პროსტიტუციიდან მიღებული შემოსავლიდან კი იღებდნენ გარკვეული რაოდენობის თანხას. ამასთან, ზემოხსენებული საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ი. ა. პირადად ადევნებდა თვალყურს პროსტიტუციის საქმიანობას, უზრუნველყოფდა პროსტიტუციიდან მიღებული შემოსავლის შეკრებას და მის განაწილებას დაჯგუფების წევრებს შორის.

4. ზემოაღნიშნული ქმედებები ისჯება თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 220-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც ითვალისწინებს ასევე 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ეს ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა – პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

5. 2019 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ი. ა-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ადიამანის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განაჩენის აღსრულების მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ა-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ადიამანის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განაჩენში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად).

7. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევის რისკი, ვინაიდან ი. ა-ს თ-ის რესპუბლიკაში ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე; ასევე – ი. ა-ს ოჯახის წევრები ცხოვრობენ საქართველოსა და ს-ში.

8. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა გ. ბ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ი. ა. ასევე დაუჭირა მხარი ადვოკატის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

10. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. თ-ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 22 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ა-ის მიმართ დაირღვევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს იმავე მტკიცების სტანდარტითა და გარემოებებით, რაც რელევანტურია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ეს კი გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ი. ა-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ი. ა-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ.

5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

6. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, მის მიმართ არ არსებობს რაიმე ნიშნით დევნის საფრთხე, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.

7. საყურადღებოა ისიც, რომ თ-ის რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ მასალებში წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ა. ისარგებლებს თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ-ის რესპუბლიკა. გარდა ამისა, ვინაიდან სასამართლომ 2009 წლის 22 მაისის განაჩენი გამოიტანა ი. ა-ის დაუსწრებლად, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 19 ივნისს თ-ის კომპეტენტური ორგანოებიდან მიიღო გარანტია, რომ ი. ა-ს, ექსტრადიციის შემთხვევაში, მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თ-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ-ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

8. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად, ი. ა-ს მიმართ რაიმე კუთხით დევნის მანიშნებელი არანაირი მასალა არ არსებობს.

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ი. ა. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.

10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციის შესაბამისად, ი. ა. არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია; ასევე – ის არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად.

11. კასატორის მითითებით, ი. ა-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში იქმნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა, გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში ი. ა-თან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ თ-ის რესპუბლიკასა და ს-ში, ხოლო მისი სრულწლოვანი ძმა მხოლოდ დროებით იმყოფება საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ა-ს არ შეეზღუდება კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებები.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ა-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ადიამანის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განაჩენში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე