განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
2კ-29-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141319003047828

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№291-19 ქ. თბილისი გ. ლ. 291-19 11 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ირაკლი ყვავაძის

ადვოკატ - ს. მ-ს

დაზარალებულის წარმომადგენლის – თ. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ლ. გ. , – დაბადებული 1... წელს, ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. მ-ს და თ. ზ-ს ეპიზოდები) და მიესაჯა 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – თითოეული ეპიზოდისათვის 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ. გ- ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 6000 ლარი; დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ლ. გ-ს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 3305,31 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ- ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. გ- და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ-მ საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები ითხოვენ განჩინებაში ცვლილების შეტანას, ლ. გ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, დაზარალებულის – სს „თ- ბ-ს“ პოზიციის გათვალისწინებით.

4. ადვოკატმა ს. მ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

5. პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

6. დაზარალებულის – სს „თ. ბ-ს“ წარმომადგენელმა თ. კ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განაცხადა, რომ თანახმაა, მსჯავრდებულ ლ. გ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები და იგი გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

3. შესაბამისად, მსჯავრდებული ლ. გ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელისგან, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულის – სს „თ. ბ-ს“ სამართალწარმოების განყოფილების უფროსის – ც. ქ-ს ცნობა, რომლის მიხედვითაც, სს „თ. ბ. “ არ არის წინააღმდეგი, მსჯავრდებულ ლ. გ-ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აღნიშნული პოზიცია სასამართლო პროცესზე საკასაციო საჩივრის განხილვისას დაადასტურა სს „თ. ბ-ს“ წარმომადგენელმა თ. კ-მ.

4. ზემოთ მითითებული კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. გ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ლ. გ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. მ-ს და თ. ზ-ს ეპიზოდები) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელებისგან.

4. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე