დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-268-252-2011 15 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. ო-ნი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ძ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ო-ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ-შვილის, დ. ძ-იას, მ. გ-შვილის მიმართ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ო-ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-ნმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ნის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-ნმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განჩინებით თ. ო-ნს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
დადგენილ ვადაში კასატორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი. კერძოდ, მან წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით თ. ო-ნს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ო-ნის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განჩინებით თ. ო-ნს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
თ. ო-ნმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით თ. ო-ნს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ო-ნს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 2011 წლის 1 აპრილს.
თ. ო-ნის წარმომადგენელმა ლ. ლ-იამ 2011 წლის 8 აპრილს წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის _ 200 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა დანარჩენი თანხის _ 250 გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 2 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 4 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ო-ნის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: თ. ო-ნს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. თ. ო-ნის შუამდგომლობის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მიუხედავად აღნიშნულისა, თ. ო-ნს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კასატორ თ. ო-ნს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ამავე განჩინებით მას მიეთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის სამთვიან ვადას და, შესაბამისად, სასამართლო ამ ვადის განმავლობაში ვალდებულია შეამოწმოს საკასაციო საჩივარი ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებია თუ არა, დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, მხარის მიერ ხელახლა ვადის გაგრძელების მოთხოვნის დაკმაყოფილება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევას გამოიწვევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ო-ნის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ო-ნს ნაწილობრივ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ო-ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
ლ. ლ-იას დაუბრუნდეს თ. ო-ნის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 500 ლარის ოდენობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.