საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
2კ-54აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002094073

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №54აპ-19 ქ. თბილისი

გ-ი ლ, 54აპ-19 22 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით:

ლ. გ-ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ლ. გ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 9 თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 აგვისტოდან.

გ. ქ-ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გ. ქ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და 6 თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 აგვისტოდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 28 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულებმა - ლ. გ-ა და გ. ქ-მ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე, სასამართლო პროცესის მონაწილე პროკურორის - ვახტანგ ცალუღელაშვილის მიმართ გამოხატეს უპატივცემულობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება გ. ქ-ს დანიშნული სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

გ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გ. ქ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და 6 თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 აგვისტოდან.

3. მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. გ-ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოებმა, სასამართლოს 28.07.2017 წ. სხდომის ოქმთან შედარებით, პრიორიტეტი მიანიჭეს მოწმეთა ჩვენებებს და ეს მაშინ, როცა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის გარემოება, პროცესის მიმდინარეობის დროს პროცესის მონაწილის მიმართ გამოხატეს თუ არა უპატივცემულობა, ასახულია სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ სსსკ-ის 195-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სხდომის ოქმში, რომელიც ხელმოწერილია მოსამართლის მიერ და მართლმსაჯულების პროცესის უმთავრესი ლეგიტიმური დოკუმენტია.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ლ. გ-ს უდანაშაულობის შესახებ, რადგან დაზარალებულ ვ. ც-ს, მოწმეების - ხ. ჩ-ს, ტ. დ-ს, მ. ჯ-ს, ზ. ჯ-ა და ჯ. მ-ს ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ლ. გ-ს მიერ პროკურორისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერში სრულად არ ისმის ის შეურაცხმყოფელი ფრაზები, რომლებზეც მოწმეები ერთგვაროვნად მიუთითებენ თავიანთ ჩვენებებში, ვერ გახდება მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.... დასკვნის ავტორებმა განმარტეს, რომ ჩანაწერის გარკვეულ მონაკვეთებში ფრაზების ზუსტად ასახვა ვერ მოხდა და ეს შესაძლოა, გამოეწვია ჩამწერ მოწყობილობასთან ყვირილსა და სიტყვების სიმრავლეს, ასევე, რიგ შემთხვევებში ფრაზების გაურკვევლობა შესაძლოა, გამოეწვია მიკროფონისაგან დიქტორის დაშორებას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე