საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
2კ-118აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002343174

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №118აპ-19 ქ. თბილისი

შ-ი ვ, 118აპ-19 31 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენით ვ. შ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქალაქ რ-ში, - მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ვ. შ-მა შელაპარაკებისას მეუღლეს - რ. შ-ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - ა, ჰ. და რ. შ-ის თანდასწრებით, მუშტები მრავალჯერ დაარტყა თავისა და ზურგის არეში, ასევე ჭიქა ჩაარტყა თავში, რითაც რ. შ-მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ვ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ვ. შ-ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას. ადვოკატი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, მან აღიარა ჩადენილი ქმედება რ. შ-ის მიმართ, მაგრამ უარყო მისი შვილების თანდასწრებით ძალადობის ჩადენის ფაქტი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დანაშაულის ბავშვების თანდასწრებით ჩადენას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა არ უარყო რ. შ-ისათვის თავში ჭიქის, ხოლო ბეჭებში - მუშტების ჩარტყმის ფაქტი, მაგრამ უარყო, რომ ჩხუბი ბავშვების თანდასწრებით მოხდა. თავის მხრივ, არასრულწლოვანი მოწმის - ჰ. შ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ბავშვმა უშუალოდ დაინახა ჩადენილი ძალადობის ფაქტი. ამასთან, მოწმეების მ. პ-ასა და ნ. პ-ას უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმების მიხედვით, როდესაც ისინი ხმაურმა გააღვიძა, ბავშვებს ეღვიძათ და ტიროდნენ, რ. შ-ს კი თავიდან სისხლი სდიოდა.

8. ამდენად, დაცვის მხარის მითითება, რომ მსჯავრდებულს დანაშაული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არ ჩაუდენია, არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე