საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
2კ-242აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002236945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№242აპ-19 ქ. თბილისი

თ. ზ-ბ, 242აპ-19 27 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ზ. თ-ის, - ნასამართლევის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 ნოემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. თ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით ზ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ზ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით, 1 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წელი, 1 თვე და 13 დღე უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ზ. თ-ეს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 4 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წელი და 3 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებასა და 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ზ. თ-ეს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ზ. თ-ეს იმ მომენტისათვის მოხდილი ჰქონდა.

· მიუხედავად აღნიშნულისა, ზ. თ-ემ კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ, 2014 წლის სექტემბერში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დააკავეს ტ. მ-. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა ზ. თ-სათვის, რომელმაც განიზრახა, სხვა პირებთან ერთად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ტ. მ-ის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ზ. თ. გ. ნ-სა და ი. გ-ის მეშვეობით, ტ. მ-ის მამას – ნ. მ-სა და ძმას – ტ. მ-ს გაეცნო როგორც პროკურატურის მუშაკი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით, აღნიშნული პირების მეშვეობით დაჰპირდა დახმარებას ტ. მ-ის პატიმრობიდან გათავისუფლებაში. სანაცვლოდ საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისათვის ქრთამის სახით გადასაცემად მოითხოვა თანხა – 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ვითომდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მოსალოდნელი ჯარიმის გადასახდელად – 10 000 ლარი. ტ. მ-ის ძმამ – ტ. მ-მა ზემოაღნიშნული თანხები 2014 წლის სექტემბერსა და დეკემბერში სრულად გადასცა ზ. თ-ეს გ. ნ-სა და ი. გ-ის მეშვეობითა და თანდასწრებით, რასაც იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვა პირებთან ერთად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ტ. მ-ს მიადგა 10 000 ლარისა და 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 17 489 ლარის ზიანი. ჯამურად მისმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა დიდი ოდენობა – 27 489 ლარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. თ-ემ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან ბრალდებას არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა მისი ბრალეულობის დასადასტურებლად.

5. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორი ზურაბ ლორია შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას წარდგენილ ბრალდებებში მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – ტ. მ-ის, ნ. მ-ის, ნ. ნ-ის, გ. მ-ის, გ. ა-ის, ტ. მ-ის, გ. ნ-ის , ი. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, ფარული აუდიო- და ვიდეოჩანაწერებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №-- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ზ. თ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

9. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №957აპ-10, №434აპ-16).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე