საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
2კ-295აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002450141

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №295აპ-19 ქ. თბილისი

თ. ა., 295აპ-19 15 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - ა. თ-ს, ა. გ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. თ-ს, - დაბადებულს ... წელს, - ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ა. გ-ს, - დაბადებულს ... წელს, - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: ... წლის ..., დაახლოებით 18:00 საათზე, ა. თ. და ა. გ., მთვრალები, იმყოფებოდნენ ... მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ, წინასწარი შეთანხმებით, მათთვის უცნობ გ. ზ-ს, რომელიც იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში და იხედებოდა ფანჯრიდან, უმიზეზოდ მიაყენეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მოიხმეს ეზოში და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და გაემართნენ მ-ს ქუჩაზე. გზაში მოძრაობისას, სრულიად უმიზეზოდ, წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ ტაქსის, რომელსაც მართავდა ზ. კ.. მათ ზ. კ-ს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ აძლევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და მოძრაობის საშუალებას, რა დროსაც ა. გ-მ მუშტის დარტყმით ჩაამტვრია მანქანის უკანა, მარცხენა საქარე მინა, რითაც მიაყენა ქონებრივი ზიანი. ამის შემდეგ ისინი წინ გადაუდგნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების .... ფილიალის სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, რომელიც მიემართებოდა გამოძახებაზე. მათ, სრულიად უმიზეზოდ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ეკიპაჟის წევრებს, ასევე დააზიანეს ავტომანქანა, არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესასრულებლად. წინასწარ შეთანხმებული, განგრძობადი, ძალადობრივი მოქმედებითა და მუქარით მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც შეფერხდა მოძრაობა.

.... წლის ...., დაახლოებით 18:00 საათზე, ა. თ. და ა. გ., მთვრალები, იმყოფებოდნენ ... მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ... ფილიალის კუთვნილ სასწრაფო დახმარების ,,FORD TRANSIT CUSTOM 310S“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ... და დააზიანეს. თავიანთი ქმედებით ა. თ-მ და ა. გ-მ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ... ფილიალს მიაყენეს 1400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

.... წლის ..., დაკავებისას, ა. გ. გადაიყვანეს რ-ს საქალაქო სამმართველოს N.. განყოფილებაში, მდებარე .... განყოფილებაში ყოფნისას ა. გ. პოლიციელებისადმი, მათი საქმიანობის გამო, გამოხატავდა აშკარა აგრესიას და ძალადობის მუქარას. ამ დროს ა. გ-მ ამავე განყოფილების უფროსს - გ. კ-ს, მისი სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ფეხი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც გ.კ-მ მიიღო ტვინის შერყევა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

ა. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 აპრილიდან.

ა. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 აპრილიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული ა. თ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა. თ-ათვის დანიშნული სასჯელის შეცვლას არასაპატიმრო სასჯელით.

მსჯავრდებული ა. გ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ა. გ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სასჯელის მინიმუმის შეფარდებას, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმის დაკისრებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების - ვ. მ-ს, დ. დ-ს, ა. ჭ-ს, გ. კ-ს, გ. გ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და ვიდეოჩანაწერით დადასტურებულია, რომ ა. გ-მ ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

8. სასჯელთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (მთვრალმა ა. თ-მ და ა. გ-მ მათთვის უცნობ გ. ზ-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აძლევდნენ მოძრაობის გაგრძელების საშუალებას; წინ გადაუდგნენ სასწრაფო დახმარების ავტომანქანას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ეკიპაჟის წევრებს და მანქანა დააზიანეს), ჩადენილი ქმედების ხასიათი და საშიშროება, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი (ა. თ. და ა. გ. არიან ნასამართლევები განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ა. გ-მ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში), რის საფუძველზეც მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - ა. თ-ს, ა. გ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე