საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
2კ-328აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001956053

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №328აპ-19 ქ. თბილისი

დ-ე შ 328აპ-19 24 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

შ. დ-ე, - დაბადებული .... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2016 წლის 1 აგვისტოს, ბ. დ-ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2016 წლის 26 სექტემბრის, ბ. დ-ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2016 წლის 26 ნოემბრის, ა. ო-ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 25 დეკემბრის, დ. შ-ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 20 ოქტომბრის, კ. გ-ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 20 ოქტომბრის, მ. ი-ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) (2014 წლის 13 ნოემბრის, ლ. ყ-ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2016 წლის 1 აგვისტოს, ბ. დ-ს ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა დანარჩენი ექვსი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელებიდან 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით შ. დ-ს მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 27 ივნისიდან.

2. განაჩენით მსჯავრდებულ შ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენით შ. დ-ე მსჯავრდებულ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.

სასჯელის მოხდის პერიოდში - 2014 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 13:21 საათზე, ქ.ბ-ი, თ. მ-ს ქუჩა №...-ში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის პირველ სართულზე, კორპუსის გამოსასვლელ კართან, შ. დ-ე მოულოდნელად თავს დაესხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელს, კერძოდ, მან სახის არეში დაარტყა ხელი ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს – ლ. ყ-ს, რომელმაც ამ დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2015 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:28 საათზე, ქ.ბ-ი, თ. მ-ს ქუჩა №...-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №... დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული №... საკნის მიმდებარედ, დერეფანში, შ. დ-მ მოულოდნელად სახის არეში ხელი, ხოლო მუცლის არეში ფეხი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს – მ. ი-ს, რომელსაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2015 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 22:59 საათზე, ქ.ბ-ი, თ. მ-ის ქუჩა №...-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №.. დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მეორე სართულზე განთავსებულ №... უსაფრთხო (დეესკალაციის) ოთახში, შ. დ-მ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს – კ. გ-ს, რომელმაც ამ დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2015 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ.ბ-ი, თ. მ-ს ქუჩა №...-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №... დაწესებულების სარეჟიმო კორპუსში განთავსებულ, ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობით აღჭურვილ №... საკანში, შ. დ-მ მოულოდნელად სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს – დ. შ-ს, რომელმაც ამ დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2016 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:50 საათზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №... დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ აბანოს მიმდებარედ საუბრის დროს, შ. დ-მ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს – ბ. დ-ს, რომელმაც ამ დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2016 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 15:35 საათზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №.... დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის მეორე დანაყოფის №... საკნის მიმდებარედ, დერეფანში საუბრის დროს, შ. დ-მ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს – ბ. დ-ს, რომელმაც ამ დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2016 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №.... დაწესებულების პირველი სარეჟიმო კორპუსის მეორე დანაყოფში მდებარე №.... საკნის კარის სარკმლიდან საუბრის დროს, შ. დ-მ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს - ა. ო-ს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ შ. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და შ. დ-ს გამართლებას.

5. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შ. დ-ს ბრალეულობას უტყუარად დაადასტურებდა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული მოწმეების ჩვენებები, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებიდან მიღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს შ. დ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით ბრალად შერაცხული ყველა ეპიზოდის ჩადენას. არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, რომელიც წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. სხვა ფაქტზე კი, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, დაცვის მხარეს არ მიუთითებია.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე