საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002430272
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №440აპ-19 ქ. თბილისი
კ-ა გ 440აპ-19 29 ნოემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიასა და მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ-ს, - დაბადებულს … წლის … იანვარს, - ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, გ. კ-ა და არასრულწლოვანი ო. ხ-ა ცდილობდნენ, ქ. ზ-ი, ს-ს ქუჩის №…-ში მდებარე გ. ფ-ს კუთვნილი, მშენებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ სამშენებლო მასალასა და ხელსაწყოებს, რითაც გ. ფ-ს შესაძლოა, მისდგომოდა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
გ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 28 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა არონია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სათანადო სასჯელის შეფარდებას. კასატორის მითითებით, დაზარალებულმა გ. ფ-მ დაადასტურა, რომ მისი ნივთების ღირებულება 250 ლარს შეადგენდა. პოლიციელებმა მორიგეობისას მშენებარე ობიექტზე შენიშნეს პირები, რომლებიც საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ შენობაში და „აგროვებდნენ რაღაცას.“ ამოღებულ ნივთებზე კი ჯგუფის ერთი წევრის ბიოლოგიური ნიმუში აღმოჩნდა.
5. მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. კ-ს გამართლებას. კასატორის მითითებით, გ. კ-ს საქმისგან გამოყოფილ არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მსჯავრდებული უარყოფს ობიექტში შესვლას, მაგრამ არ უარყოფს იქვე - გზად გავლას. კასატორი საეჭვოდ მიიჩნევს ამოცნობის ოქმს და ამასთან პრეფერატორის შემთხვევის ადგილზე არსებობას. სამშენებლო მასალები ეყარა პირველ სართულზე და აბსურდია, ქურდს იგი მეორე სართულზე აეტანა. როგორც პრეფერატორის სახელურზე, ისე ხრახნილებზე გ. კ-ს პროფილი ხელოვნურად არის მოხვედრილი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №412აპ-16 და №45აპ-17 გადაწყვეტილებები), რომლებსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
10. მოწმეების - კ. კ-ა და ა. გ-ს ურთიერთშესაბამისი ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
11. კასატორის მიერ აღნიშნულ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ საქმეში, ევროპული სასამართლოს მითითებით, ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი, ძირთადად, დაეყრდნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს... შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა საკმარისი და დამაჯერებელი განმარტებების გარეშე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები, შესაძლოა, ყოფილიყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან, მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Mikiashvili v. Georgia), N18996/06, 09/10/2012, §82 და „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/12/2012, §50). აქედან გამომდინარე, გ. კ-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტები არ შეესაბამება მითითებული გადაწყვეტილების გარემოებებს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიასა და მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე