საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
2კ-382აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002396934

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№382აპ-19 ქ. თბილისი

ს. დ-თ, 382აპ-19 6 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დ. ს., - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენითა და 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დ. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 მარტიდან. მასვე 15 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის, ასევე – განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

§ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევი დ. ს. საცხოვრებელ სახლში (მდებარე თ-ში, კ-ას ქ. №--ში) უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება, 0,00032 გრამ „ამფეტამინს“, ასევე – 0,00002 გრამ და 0,000025 გრამ „მეტამფეტამინს“ (მარილს). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს 2018 წლის 17 მარტს, 09:30 საათიდან 10:40 საათამდე შუალედში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის №-- განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

§ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევ დ. ს-ს 2017 წლის 22 დეკემბერს, 22:05 საათიდან 22:20 საათამდე შუალედში, თ-ში, კ-სა და ჭ-ის ქუჩების გადაკვეთაზე, პირადი გასინჯვისას, აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული მჩხვლეტავ-მჭრელი დანა მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ემ. მან ითხოვა დ. ს-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – სასჯელის შემსუბუქება (აღიარების გათვალისწინებით) იმ მოტივით, რომ საქმეში არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას.

5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამაზ მებონია შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული დ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 2381-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, კერძოდ: ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 18 მარტის №- და 2018 წლის 26 მარტის №- დასკვნების თანახმად, დ. ს-ის საცხოვრებელ ბინაში 2018 წლის 17 მარტს ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული, 12 მლ შპრიცში მოთავსებული, მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას – 0,00032 გრამ „ამფეტამინს“; 1 მლ შპრიცში მოთავსებული მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე – ნარკოტიკულ საშუალება, 0,00002 გრამ „მეტამფეტამინს“, ხოლო მომინანქრებული ჭიქის შიდა კედლებზე არსებული დანაშრევები – 0,000025 გრამ „მეტამფეტამინს“. მოწმეების – ალ. ღ-ს, დ. მ-ის, ს. ა-ის ჩვენებებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა დ. ს-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩხრეკის ოქმზე არის მსჯავრდებულის მინაწერი: „შენიშვნა, ან რაიმე სახის პრეტენზია არ მაქვს...ოქმის შინაარსს გავეცანი პირადად, რაც ჩემთვის გასაგებია“. გარდა ამისა, ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების კანონიერება და ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: ლ. ე-ემ, ი. მ-მა, ზ. დ-მა, კ. ნ-ამ, ე. ღ-ამ, ნ. გ-ემ, გ. ნ-მა, ა. ჯ-მა და სხვებმა. მათვე დაადასტურეს, რომ პოლიციელების მისვლისას სახლში, სხვა პირებთან ერთად, იმყოფებოდა დ. ს..

9. რაც შეეხება საჩივრის კიდევ ერთ არგუმენტს გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით. დაცვის მხარეს თავად შეეძლო გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება, რაც არ გაუკეთებია. დაცვის მხარე ასევე არ იყო შეზღუდული, დასაკითხ მოწმეთა სიაში შეეყვანა და სასამართლო სხდომაზე თავად დაეკითხა დ. ბ..

10. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საქმეშია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რაც საეჭვოდ გახდიდა ამ ნაწილში განაჩენის კანონიერებას, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. ის ფაქტი, რომ დ. ს., ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 17 მარტის №-- დასკვნით, არ იმყოფებოდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, არ გამორიცხავს მის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას არაერთგზის. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №308აპ-18).

11. რაც შეეხება დ. ს-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მისი ბრალეულობა დადასტურებულია თავად მსჯავრდებულის აღიარებით, პირის ზედაპირული შემოწმების 2017 წლის 22 დეკემბრის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის, 2015 წლის 14 აპრილისა და 2016 წლის 13 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენებით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 27 დეკემბრის №- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულ დ. ს-ს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი განესაზღვრა მისი პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე