საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002316627
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №450აპ.-18 6 თებერვალი, 2020 წელი
ა-ი გ., 450აპ.-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2018 წლის 23 იანვარს გ. ა-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა).
2. გ. ა-ის დანაშაული გამოიხატება იმაში, რომ მან ,,მერსედეს ბენცის” მარკის ავტომობილში სხვადასხვა ადგილას მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის“ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანა 6954 ლარის საბაჟო ღირებულების 305 კგ არომატიზებული თამბაქო. განაჩენის გამოტანის საფუძველს წარმოადგენს:
- ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება;
- მოწმეთა გამოკითხვის ოქმები;
- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა;
- ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა.
3. 2018 წლის 23 იანვარს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა გირაო - 5500 ლარი და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
4. 2018 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გ. ა-ი დამნაშავედ ცნო და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5000 ლარი ჯარიმა, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 305 კგ არომატიზებული თამბაქო, ხოლო ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი” დაუბრუნდა მესაკუთრეს.
5. 2018 წლის 10 აპრილს სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა განაჩენი და მოითხოვა ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმევა.
6. 2018 წლის 30 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო საჩივარი, ხოლო 2018 წლის 18 მაისს დაკმაყოფილდა იგი და გ. ა-ს უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი”.
7. მსჯავრდებულმა გ. ა-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჯ-ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება და ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცის” მესაკუთრისთვის დაბრუნება.
8. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მესაკუთრის უფლება, რადგან ავტომანქანა ჩამოართვა იმ პირს, ვისი საკუთრებაც არ იყო.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისათვის დანაშაულის იარაღის ჩამორთმევა დასაშვებია როგორც მის საკუთრებაში, ასევე მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე. საქმის მასალებიდან ნათლად ირკვევა, რომ ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ გ. ა-ის კანონიერ მფლობელობაში იყო.
10. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 2 ივლისის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/2/384 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვები: „ან კანონიერ მფლობელობაში“ სრულად შეესაბამება კონსტიტუციას. ამდენად, სასამართლოს მესაკუთრის უფლება რაიმე სახით არ დაურღვევია.
11. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არსებობს უამრავი პრაქტიკა, როგორც სააპელაციო სასამართლოს განაჩენებში, ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, როდესაც ავტომანქანა, რომლითაც ნივთები გადაიტანეს, დანაშაულის იარაღად არ იქნა ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ დანაშაულის იარაღი არის ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ანდა სპეციალურად ადაპტირებულია დანაშაულის ჩასადენად ან მისი ჩადენის გასამარტივებლად. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, რომელშიც მოწყობილი იყო სამალავები და მათი გამოყენებით შესაძლებელი გახდა სასაზღვრო კონტროლის მალულად საქონლის გადმოტანა, უპირობოდ განიხილება, როგორც დანაშაულის იარაღი, რადგან აღნიშნული ავტომანქანისა და მასში მოწყობილი სამალავების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რაოდენობის საქონლის სასაზღვრო კონტროლის მალულად გადმოტანა.
13. რაც შეეხება სასამართლო პრაქტიკას, უზენაესი სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენებს არ განიხილავს, როგორც სასამართლო პრაქტიკას. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკა კასატორს კონკრეტულად არ მიუთითებია, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ:
- 2018 წლის 23 იანვარს N509აპ-17 განჩინებაში უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია დანაშაულის იარაღზე, არამედ იმსჯელა დანიშნული სასჯელის სიმკაცრეზე;
- 2018 წლის 16 ივლისის N167აპ-18 განაჩენში უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა სხვა შემადგენლობის დანაშაულსა და სხვა გარემოებებზე, რომლებიც მოცემული შემთხვევისგან არსებითად განსხვავებულია;
- 2019 წლის 15 იანვარს N478აპ-18 განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა სხვა შემადგენლობისა და კატეგორიის დანაშაულზე, თუმცა - მსგავსი გარემოებებით. დანაშაულის ჩადენისათვის ავტომანქანის სპეციალური საცავის გამოყენება შეაფასა, როგორც საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის რეგულირების სფერო და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
14. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დანაშაულის იარაღის ჩამორთმევის სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა არ არსებობს და ქონების ჩამორთმევით ზიანი მიადგა ავტომანქანის მესაკუთრეს და გაუარესდა მსჯავრდებულის მდგომარეობა.
15. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში ასაბუთებს, რომ ავტომანქანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის საჭიროება გამოწვეულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობით და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ამ დასაბუთების მოტივაციას და განმარტავს, რომ ავტომანქანა, რომელშიც სპეციალური სამალავებია მოწყობილი, არ უნდა დარჩეს თავისუფალ ბრუნვაში, რადგან ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალ რისკს შეიცავს, ხოლო სასჯელის მიზანი, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაა.
16. რაც შეეხება ავტომანქანის მესაკუთრის ზიანს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულს წარმოეშვა დელიქტური ვალდებულება ავტომანქანის მესაკუთრის მიმართ, რაც გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო განზრახი მოქმედებით მისთვის ზიანის მიყენებაში, რომელიც სამოქალაქო სამართლით მოსაწესრიგებელი სფეროა და სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს.
17. მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესებაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ზედმიწევნით სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის მოთხოვნები. ინკრიმინირებული ქმედება სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 52-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები და ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნა ჯარიმა, უსასყიდლოდ ჩამოართვა დანაშაულის საგანი (305 კგ არომატიზებული თამბაქო) და დანაშაულის იარაღი (ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“).
18. ძირითადი სასჯელით და დანაშაულის საგნის უსასყიდლოდ ჩამორთმევით სასამართლომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულზე მოახდინა ზემოქმედება, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და, მეორე მხრივ, აღადგინა სამართლიანობა. დანაშაულის იარაღის ჩამორთმევით კი თავიდან აიცილა ახალი დანაშაული, რადგან სპეციალური სამალავებით აღჭურვილი ავტომანქანა ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკის შემცველია.
19. საკასაციო საჩივრის ავტორი დასაშვებობის საფუძვლად ზოგადად მიუთითებს საკითხის მნიშვნელობაზე სასამართლო პრაქტიკისთვის, თუმცა ვერ ასაბუთებს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა თუ რა სამართლებრივ პრობლემას მოიცავს აღნიშნული საქმე და რომელი საკითხის გადაწყვეტა შეუწყობს ხელს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ კასატორს არ დაუსაბუთებია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი