საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001026497
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №16აპ-20 თბილისი
ა. ს., 16აპ-20 18 თებერვალი 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ა-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული პროკურორსა და ბრალდებულს შორის.
ს. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით.
მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განაჩენით ს. ა-ს მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი.
ს. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 29 მაისიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ და მოითხოვა მისი გამართლება იმ მოტივით, რომ განაჩენის დასაბუთება არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და კონვენციის ნორმის მოთხოვნათა ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მსჯავრდებისათვის.
3. 2020 წლის 15 იანვარს და 6 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული ს. ა. შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე, ვინაიდან ადვოკატის საკასაციო საჩივარს არ ეთანხმება და უარს აცხადებს საჩივრის განხილვაზე.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ს. ა-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი