დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-454-429-2011 1 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. წ-ური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სესხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ი. წ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. მ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 6000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოპასუხეს ი. წ-ურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო _ სესხის ძირითადი თანხის _ 6000 აშშ დოლარის 0,15% ყოველთვურად 9 აშშ დოლარი 2008 წლის 8 ივლისიდან ვალდებულების შესრულებამდე. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ.თბილისში, ... მე-2 კვარტლის მე-5 კორპუსში მდებარე დ. მ-შვილის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ბინა ¹106.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით დ. მ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება რამდენჯერმე გაეგზავნა კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ უზენაესი სასამართლოს კურიერმა ვერ მოახერხეს დ. მ-შვილისათვის მისი ჩაბარება. ამასთან, განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა დ. მ-შვილის წარმომადგენელ დ. ხ-ს.
2011 წლის 2 მაისს დ. ხ-ტმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ აღარ იყო დ. მ-შვილის წარმომადგენელი, ვინაიდან კასატორმა არ გაუგრძელა მას მინდობილობა, შესაბამისად იგი ვერ ჩაითვლება საკასაციო პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინების ჩამბარებლად.
2011 წლის 18 მაისს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა დ. მ-შვილს. ფოსტიდან შემოსული შეტყობინებით ირკვევა, რომ კასატორმა არ მიაკითხა ფოსტას გზევნილის ჩასაბარებლად და ფოსტამ უკან დააბრუნა იგი შენახვის ვადის გასვლის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (შეტყობინება) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართლის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამარზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამარზე აღარ ცხოვრობდეს.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინება რამდენჯერმე გაეგზავნა კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე. უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტებიდან ირკვევა, რომ კასატორი არ იმყოფებოდა სახლში, რასაც ადასტურებს დ. მ-შვილის კარის მეზობელი დ. რ-ძე. 2011 წლის 18 მაისს აღნიშნული განჩინება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა დ. მ-შვილს, მაგრამ ფოსტიდან შემოსული შეტყობინებით ირკვევა, რომ კასატორმა არ მიაკითხა ფოსტას გზევნილის ჩასაბარებლად და ფოსტამ უკან დააბრუნა იგი შენახვის ვადის გასვლის გამო.
ამდენად, ვინაიდან დ. მ-შვილს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის თაობაზე, რაშიც იგულისხმება მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 25 მაისს (უზენაეს სასამართლოში გზავნილის დაბრუნების თარიღი _ ს.ფ.72). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 26 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 30 მაისსს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.