საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
2კ-715აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700092352

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №715აპ-19 ქ. თბილისი

კ. ზ. 715პ-19 13 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ზ. კ. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ზ. კ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 4 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ზ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 თებერვლიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ზ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

2017 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.თ-ში, კა-ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის ნასამართლევი ზ. კ. თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა არასრულწლოვან ლ. მ-ს კუთვნილ ,,Samsung Galaxy J5“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 720 ლარად, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

2. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. კ-ს გამართლებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №269აპ-18 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

8. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები ურთიერთშესაბამისია და ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მათ შორის არ არსებობს რაიმე სახის წინააღმდეგობა. დაზარალებულ ლ. მ-ს-და მოწმეების - ი. მ-ს, დ. კ-ს, ნ. მ-ს, გ. გ-ს, ქ. კ-ს, ბ. ღ-ს, ნ. ს-ს ჩვენებებით, 2017 წლის 7 თებერვლის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 7 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და მასზე დართული ფოტოცხრილით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, 2017 წლის 14 თებერვლის მობილური ტელეფონისა და სალომბარდე ხელშეკრულების დათვალიერების ოქმით, სალომბარდე N.. ხელშეკრულების ასლით, 2017 წლის 15 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 29 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და თანდართული დოკუმენტითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ზ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმად, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. Nikolay Genov v. Bulgaria,ECtHR, no. 7202/09, § 27, 13/07/2017). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011).

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხზე (მათ შორის: ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით), რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. სასამართლო აღნიშნავს რომ სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული „აშკარა დაუფლება“ შეიძლება სხვადასხვა გზით/ხერხით განხორციელდეს და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და აშკარად, რაც ცალსახად დასტურდება მოწმეების დ. კ-ს და ი. მ-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებითაც.

11. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა დაცვის მხარის პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, რითაც დაირღვა სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებისას შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი და შესაბამისად, მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

12. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

13. არსებით დარღვევად, რაც გამოიწვევდა განაჩენის უკანონობას, წარმოადგენს პროცესის მონაწილის უფლების ისეთი შეზღუდვა რამაც ხელი შეუშალა ყოველმხრივ, სრულყოფილად, ობიექტურად განხილვას, გავლენა იქონია კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი განაჩენის დადგენაზე (მაგ.იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმე №587აპ-15). კასატორი საჩივარში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულების გამოკვლევა არ მომხდარა და კონკრეტული მტკიცებულება რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქმისათვის.

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე