დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-601-564-2010 11 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ჯ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-იანი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულება, მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ-შვილისა და ლ. დ-შვილის მიმართ გ.ტ-იანის პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობისა და ნოტარიუსისათვის შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ შემდეგი საფუძვლით: სასამართლო გადაწყვეტილებით აწ გარდაცვლილი გ.ტ-იანი ცნობილ იქნა მოსარჩელის მამად, მოპასუხეები კი არიან მისი მეხუთე რიგის მემკვიდრეები. ამდენად, გ. გ-იანს არასწორად ეთქვა უარი მამის სამკვიდროს მიღებაზე.
ა. ჯ-შვილმა და ლ. დ-შვილმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს გ.ტ-იანის გ. გ-იანის მამად ცნობის შესახებ აქტის გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ.გ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. გ-იანის სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარეების გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. გ-იანი ცნობილ იქნა 1998 წლის 29 აპრილს გარდაცვლილი გ. ტ-იანის პირველი რიგის მემკვიდრედ და ქ.თბილისში, ... გამზირის ¹97-ში მდებარე ¹3ა კორპუსის ¹17 ბინაში მდებარე მისი დანაშთი ქონების მესაკუთრედ. ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით ა.ჯ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. ამდენად, კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ისეთი გარემოებების არსებობა, რომლის გამოც გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება შეუძლებელი გახდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ჯ-შვილს ეცნობა 2010 წლის 18 თებერვლის სხდომის შესახებ და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც თავად სადავოდ არ გაუხდია. პალატამ მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლის არსებობა საქმის მასალებით არ ირკვევა.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ საპატიო მიზეზად არ ჩათვალა მხარის მითითება 2010 წლის 17 თებერვალს ა. ჯ-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რადგან აღნიშნული გარემოება, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით, სათანადოდ არ დადასტურებულა. სამედიცინო ცნობა, რომელიც მხარემ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარადგინა, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი არ არის. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ა.ჯ-შვილი ავად გახდა რა 2010 წლის 17 თებერვალს, მითითებულის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა და არც სააპელაციო პალატის გაუფრთხილებლობის საპატიო მიზეზზე არ მიუთითა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება და ამავე სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე ა. ჯ-შვილის წარმომადგენელმა ლ. ლ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ კასატორს არ ჩააბარა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებლი, რითაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, უარეყო მასში დასახელებული არგუმენტები, კერძოდ, შესაგებლის ავტორმა ეჭვქვეშ დააყენა იმ ექიმის კომპეტენტურობა, რომელმაც 2010 წლის 18 თებერვალს ა.ჯ-შვილს გულის შეტევა დაუდგინა. აღნიშნული შესაგებლის ჩაბარების შემთხვევაში კასატორი წარადგენდა ექიმის სათანადო სერტიფიკატს. ამასთან, მითითებულ საკითხზე სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის სხდომაზე არ უმსჯელია. სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია აპელანტის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლთან მიმართებით და არ შეუფასებია, რომ გ.გ-იანის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგან თავად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სადავო ქონება მიიღო რამოდენიმე წლით უფრო ადრე, ვიდრე იგი სარჩელს აღძრავდა სასამართლოში.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ.გ-იანის წარმომადგენელმა მ.ნ-ძემ წარადგინა ¹ა-1693-10 განცხადება, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულებები 3 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2010 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომის თაობაზე ა. ჯ-შვილსა და ლ. დ-შვილს კანონის მოთხოვნათ დაცვით ეცნობათ, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოს არ აცნობეს.
ა. ჯ-შვილი თავის გამოუცხადებლობის მიზეზად უთითებს ავადმყოფობას, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვს ექიმ-კარდიოლოგ ლ.ჯ-შვილის მიერ 2010 წლის 17 თებერვალს გაცემული ცნობა. ექიმი ადასტურებს, რომ 2010 წლის 17 თებერვალს ბინაზე მოინახულა ა.ჯ-შვილი და დაუსვა დიაგნოზი გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ჰიპერტენზია და დაუნიშნა წოლითი რეჟიმი 1 კვირის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებას და ა.ჯ-შვილის გამოუცხადებლობისა და ამის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან მითითებულ დოკუმენტს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი არ აწერს ხელს. ასეც რომ არ იყოს, მხარის მითითებით იგი ავად გახდა სასამართლო სხდომის წინა დღეს, რაც არ გამორიცხავს ა.ჯ-შვილის მიერ სასამართლოსათვის თავისი ავადმყოფობის შეტყობინების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მას არ ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი მის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილ საჩივარზე და შესაძლებლობა არ მიეცა, უარეყო გ.გ-იანის მოსაზრებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო არა გ.გ-იანის შესაგებლის მოტივებს, არამედ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობასა და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის ფაქტს, ა.ჯ-შვილის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა კი შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესთან მიმართებით.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია გ. გ-იანის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლთან მიმართებით, კერძოდ:
როგორც განჩინების კვლევით ნაწილში უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობა შესაძლებლობას ანიჭებს სააპელაციო სასამართლოს, დავის გადაწყვეტისას დაეყრდნოს მხოლოდ აპელანტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. დასახელებული კანონის დანაწესის საფუძველზე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის საპატიო მიზეზის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის გამო, სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა გ.გ-იანის სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. გ-იანი არის 1998 წლის 29 აპრილს გარდაცვლილი გ. ტ-იანის შვილი, რომლის დანაშთი სამკვიდრო უძრავი ქონებაც მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სწორედ სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-1337-ე და 1421-ე მუხლებით შეაფასა.
სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ემსჯელა გ.გ-იანის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად.
ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ე.წ მატერიალური უფლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი და კასატორის პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული.
გ.გ-იანის წარმომადგენელ მ.ნ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-1693-10 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 3 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
გ.გ-იანის წარმომადგენელ მ.ნ-ძეს დაუბრუნდეს ¹ა-1693-10 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 3 ფურცლად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.