დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.10.2010
საქმის ნომერი
ას-620-582-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-620-582-10 11 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ა-ელი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ელი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 21 აგვისტოს ნ. ა-ელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ა. ა-ელის, ნოტარიუს ე. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 25 ივლისს ნოტარიუს ე. გ-შვილის მიერ ა. ა-ელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა; აღიარებულ იქნა ნ. ა-ელის საკუთრების უფლება ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის იზოლირებულად გამოყოფილ ნაწილზე _ საერთო ფართით 85,30 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი ფართი _ 62,17 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 23,13 კვ.მ, სამეურნეო ფართი 44,49 კვ.მ.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში განხილვისა და მხედველობაში მიღების შედეგად, მიიჩნია, რომ სადავო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ჯერ მოსარჩელის მამამ _ ს. ა-ელმა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა _ ნ. ა-ელმა, შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად ჩათვალა და დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რადგან მხარეებს სურდათ დავის გადასაწყვეტად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება, მიიჩნია, რომ დავა უნდა გადაწყვეტილიყო ამ ნორმების შესაბამისად.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე 1319-1320-ე, ასევე 1328-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ორთვიანი ვადა გასული იყო და ამასთან, გადაწყვეტილება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით იქნა გამოტანილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. ა-ელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის იზოლირებულად გამოყოფილ ნაწილზე (პირველ სართულზე) _ საერთო ფართით 85,30 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი ფართი _ 62,17 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 23,13 კვ.მ, სამეურნეო ფართი 44,49 კვ.მ, ტექბიუროს მონაცემების თანახმად, დარეგისტრირებული იყო ფ. ა-ელის საკუთრების უფლება, ხოლო იმავე სახლის მე-2 სართული დარეგისტრირებული იყო ა. ა-ელის (მოპასუხის მამა) საკუთრებად. საცხოვრებელი სახლის ეზო წარმოადგენდა საერთო საკუთრებას და ის გამიჯნული არ ყოფილა.

1987 წლის პირველ აპრილს ა. ა-ელმა, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება - ქ.ქუთაისში, ... გაზირის ¹15-ში მდებარე სახლის მე-2 სართული, აჩუქა შვილს _ ა. ა-ელს (მოპასუხეს).

1973 წლის 18 აგვისტოს გარდაცვლილ ფ. ა-ელს ჰყავდა ორი შვილი _ 1982 წლის 12 მარტს გარდაცვლილი ს. ა-ელი და 2003 წლის 12 აგვისტოს გარდაცვლილი ა. ა-ელი.

მოსარჩელე ნ. ა-ელი არის 1982 წლის 12 მარტს გარდაცვლილი ს. ა-ელის შვილი. ს. ა-ელი და მისი მეუღლე არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ამიტომ 1971 წლის 18 ნოემბერს დადგინდა ს. ა-ელის მამობა ნ. ა-ელის მიმართ.

ფ. ა-ელის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამკვიდრო ქონება - ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილი (სახლის პირველი სართული) ფაქტობრივი ფლობით მიიღო ფ. ა-ელის უფროსმა შვილმა ს. ა-ელმა, რომელიც მითითებული სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან _ ნ. ა-ელთან ერთად. ფ. ა-ელის მეორე შვილი, ა. ა-ელი, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა იმავე სახლის მე-2 სართულზე. ამ უკანასკნელს დედის დანაშთი ქონება არც ფაქტობრივი ფლობით მიუღია და არც ნოტარიუსისათვის მიუმართავს სამკვიდრო მოწმობის ასაღებად.

ს. ა-ელის გარდაცვალების შემდეგ, სადავო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა შვილმა ნ. ა-ელმა.

2006 წლის 25 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო სამკვიდრო ქონება მიიღო აწ გარდაცვლილი ფ. ა-ელის შვილიშვილმა (2003 წლის 12 აგვისტოს გარაცვლილი ა. ა-ელის შვილმა) ა. ა-ელმა.

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე და 1336-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან ფ. ა-ელს ანდერძი არ დაუტოვებია და ჰყავდა ორი პირველი რიგის მემკვიდრე (შვილები) – ს. ა-ელი (მოსარჩელის მამა) და ა. ა-ელი (მოპასუხის მამა).

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კანონით დადგენილ ვადაში სადავო სამკვიდროს ჯერ მისი მამა ა. ა-ელი დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით, ხოლო შემდეგ მოპასუხემ თავად მიიღო მამის სამკვიდრო. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება ნიშნავს ისეთი მოქმედების განხორციელებას, რაც მიუთითებს მემკვიდრის ნებაზე დაეუფლოს სამკვიდროს. პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ აპელანტი მის საკუთრებაში არსებულ, სახლის მეორე სართულზე ასასვლელად სარგებლობდა საერთო შესასვლელით, არ ნიშნავს, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო აწ გარდაცვილილი ფ. ა-ელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული, ამავე სახლის პირველ სართულზე მდებარე იზოლირებული ფართი, როგორც სამკვიდრო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად შეაფასა ა. ა-ელის მიერ 1987 წლის 11 ივლისს შედგენილი განცხადება, მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლზე და განმარტა, რომ ა. ა-ელს აღნიშნული განცხადებით არც სამკვიდრო მიუღია და არც უარი უთქვამს მასზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება. პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლო, მოწმის ჩვენებებთან ერთად, მართებულად დაეყრდნო ასევე საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ამასთან, პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი არ კრძალავს მოწმეთა ჩვენებებით სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ქ.ქუთაისის თვითმმართველობის ტერიტორიული სამსახურის “უქიმერიონის” განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ 2006 წლის 25 ივლისს გაცემული ცნობით არ დგინდებოდა, რომ ა. ა-ელი დაეუფლა ფ. ა-ელის სამკვიდროს, ვინაიდან აღნიშნული ცნობით არსებითად მხოლოდ ის ფაქტი დგინდებოდა, რომ ა. ა-ელი ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹15-ში, რაც სადავო არ არის. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი მართლაც ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, მაგრამ არა სახლის პირველ სართულზე, არამედ სახლის მეორე სართულზე მის საკუთრებაში არსებულ ფართში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ა. ა-ელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი გამოიყენა მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ და საერთოდ უგულებელყო ამავე კოდექსის 1450-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამკვიდროს მიღებაზე ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს 2 თვის განმავლობაში, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისთვის არსებობს სათანადო საფუძველი. მოსარჩელე ნ. ა-ელი ქუთაისში ჩამოვიდა 2008 წლის დეკემბერში, როდესაც სადავო ქონებას ფლობდა და განაგებდა ა. ა-ელი, სარჩელი კი მან მხოლოდ 2009 წელს შეტანა, შესაბამისად, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის მოთხოვნა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექისს 1434-ე მუხლი, როდესაც შეფასება მისცა ა. ა-ელის (ფ. ა-ელის შვილი), მიერ 1987 წლის 11 ივლისს შედგენილ განცხადებას.

კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა საერთო შესასვლელზე, მაშინ როცა, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სახლის გეგმა-ნახაზიდან აშკარად ჩანს, რომ სადავო სახლში საერთო საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართი დაფიქსირებული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70% - 420 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ა. ა-ელს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70% _ 420 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.