დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.10.2010
საქმის ნომერი
ას-672-630-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-672-630-2010 11 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ც-ური

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება

დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ტ-შვილის სარჩელი მოპასუხე ლ. ც-ურის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ტ-შვილი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე 47.13 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და 12,72 კვ.მ. სარდაფის მესაკუთრედ და ამ ფართზე საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოპასუხისათვის 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ნ. ტ-შვილი თბილისში, ... ქ.¹5-ში რეგისტრირებული იყო 1987 წლიდან, ხოლო დედამისი – თ. ო-შვილი – 1973 წლიდან.

სს „თ.“ სასამართლოში წარმოდგენილი ¹16081745 აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, აბონენტი „ო-შვილი ნ.“ მრიცხველის ნომრით ¹4209196, აღრიცხვაზე აყვანილი იყო 1980 წლიდან. საქმეზე წარმოდგენილი ბრუნვის ისტორიის მიხედვით, რომელიც მხოლოდ 1999 წლის იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებს შეიცავდა, აბონენტის მიერ სხვადასხვა თვეებში გარკვეულ გადახდებს ადასტურებდა. სასამართლოს მიერ სს „თ.“ გამოთხოვილი თ. ო-შვილის შესახებ ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, თ. ო-შვილს, მოსარჩელე ნ. ტ-შვილის დედას, 1980 წლიდან ჰქონდა ინდივიდუალური მრიცხველი, ცალკე იყო გადასახადის გადამხდელად აღრიცხული და 1999 წლამდე ელექტროენერგიის ხარჯი უფიქსირდებოდა.

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ქვითრები, რომლებიც ჯერ ხ-ძის სახელზე იყო, ხოლო შემდეგში გადაფორმდა ც-ურზე, ეკუთვნოდა აბონენტ ¹1608095-ს, ხოლო აბონენტი ო-შვილის ნომერი იყო ¹1608175. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ-ძეს და ო-შვილს სხვადასხვა მრიცხველები ჰქონდათ დადგმული და დამოუკიდებელ აბონენტებად იყვნენ აღრიცხულნი.

საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, რომ მოსარჩელეს გვარი შეცვლილი ჰქონდა ქორწინების შემდგომ და გადასული იყო მეუღლის გვარზე – ტ-შვილზე, ხოლო ქორწინებამდე გვარი ს-შვილი ჰქონდა. საქმეში წარმოდგენილი ცნობით ასევე დადასტურებულ იქნა, რომ მოსარჩელის შვილი – ნი. ტ-შვილი დაბადებული იყო 1992 წელს თბილისში, რომლის მისამართად მითითებულია ... ქ.¹5 და იგი აყვანილია აღრიცხვაზე ბავშვთა მე-... პოლიკლინიკაში. ასევე ნ. ს-შვილზე 1998 წლის 13 ივლისს გაცემულია სამედიცინო ცნობა და მისამართად კვლავ ... ¹5-ია მითითებული, აქვე წარმოდგენილია ბავშვის ინდივიდუალური ანკეტის ასლი, გაცემული თბილისში, ... 5-ში მცხოვრებ ნ. ს-შვილზე.

საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 9 ოქტომბრის ხელწერილით, რომლის ნამდვილობა მოპასუხესაც არ გაუხდია სადაოდ, დადგენილ იქნა, რომ .... ¹5-ში ლ. ც-ური და მისი მეუღლე გ. რ-შვილი ყიდულობდნენ სარდაფულ სართულზე პირველ და მეორე ოთახებს ფართის მეპატრონის უფლებით და იღებდნენ საკუთარ თავზე მდგმურის ს-შვილების პრობლემებს და აცხადებდნენ, რომ ფართის მათზე საკუთრების უფლებით გადაფორმების შემთხვევაში, მოქალაქე ს-შვილებს ყოფილ სახლის მეპატრონე მ. ხ-ძესთან პრეტენზია არ ექნებოდათ. ხელწერილი დადასტურებულია ლ. ც-ურის, გ. რ-შვილის, მ. ხ-ძის და კ. ს- ავას ხელმოწერებით.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილ იქნა, რომ სადავო ფართი შეადგენდა 47,13 კვ.მ-ს, რომლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 42000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში. მოსარჩელეს დაკავებული აქვს ასევე 12,72 კვ.მ. სარდაფი, რომლის ღირებულებად მოსარჩელემ 500 აშშ დოლარი დაასახელა და მისი სრული ოდენობით გადახდაზე თანხმობა განაცხადა. მოპასუხე მხარეს საქმის განხილვისას სადავო სადგომის ფართისა და ღირებულების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, სასამართლომ დაადგენა, რომ ს-შვილების ოჯახის წასვლის დღიდან, 2005 წლამდე ბინა მათ ჩაკეტილი ჰქონდათ, ხოლო გასაღები შესანახად ჰქონდათ დატოვებული მეზობელთან. საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ტ-შვილმა ფართი დატოვა 1999 წელს, რადგან ამ დრომდე მას უფიქსირდებოდა გადასახადების გადახდაც და პირველი გასვლა საქართველოდან სწორედ 1999 წელსაა მის პასპორტში დაფიქსირებული. ამასთან საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ 1990-1991 წლების მერე, 1992, 1993 და 1998 წლებში მოსარჩელისა და მისი შვილის შესახებ გაცემულია სამედიცინო ცნობები.

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობები “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის რეგულირების სფეროში ექცეოდა, ვინაიდან თუნდაც ნ. ტ-შვილის ოჯახს საცხოვრებელი სადგომი შეეძინა ბინის მესაკუთრის მდგმურის ვინმე ო-ოვისაგან, აღნიშნული ეჭვქვეშ მაინც არ აყენებდა მოსარჩელის უფლებას ამ ფართზე, რადგან ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე, ხშირი იყო მსგავსი შემთხვევები, რომ თავად მდგმურები ახდენდნენ მათი სადგომის ხელახალ გადაყიდვას, რის შემდეგაც ახალი მდგმურები უკვე თავდაპირველი მდგმურის ადგილს იკავებდნენ და იგივე უფლება-მოვალეობებით სარგებლობდნენ, რითაც თავდაპირველი მოსარგელბეები. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით. სასამართლომ მიუთითა, რომ ფართის ოდენობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და თავადვე დაადასტურეს, რომ სწორედ მოსარჩელის ოჯახის წასვლამდე დაკავებული ფართი შეიძინა 2005 წელს მოპასუხე ლ. ც-ურმა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლების მტკიცება იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში არ დასტურდებოდა ნ. ტ-შვილის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა და განმარტა, რომ კანონის მოთხოვნა კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ არ უნდა ყოფილიყო გაგებული მხოლოდ იმ კუთხით, რომ თუ პირი არ ან ვერ ასრულებს ჯეროვნად სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელ.ენერგიისა თუ გაზის გადასახადი, თუმცა დამოუკიდებელ აბონენტადაა რეგისტრირებული, აღნიშნული მოწმობს, რომ ეს სუბიექტი არაა მოსარგებლე. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული კანონის მიზნებისათვის განმსაზღვრელი და მნიშვნელოვანია იმის გამოკვეთა, დამოუკიდებელი, ინდივიდუალური აბონენტი, როგორც მესაკუთრესთან გაიგივებული პირი, არის თუ არა მოსარგებლე და არა ის, რამდენად პირნათლად ასრულებს მოსარგებლე სხვადასხვა სტრუქტურების წინაშე აღებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ვალდებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ო-შვილი აბონენტად რეგისტრირებული იყო 1980 წლიდან და ის ფაქტი, რომ მას დავალიანება ერიცხებოდა სს „თელასის“ წინაშე, ეს შეიძლება დამოუკიდებელი დავის საგანი გამხდარიყო კონკრეტულ მხარეებს: „თ.“ და აბონენტს შორის და აღნიშნული მოსარჩელის მოსარგებლის სტატუსს სადავოდ ვერ გახდიდა.

საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ტ-შვილი წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის სუბიექტს, მოსარგებლეს და მას სრული უფლება ჰქონდა მოეხდინა მისთვის, როგორც საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლისათვის, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ მოპასუხის მიერ საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის ოჯახის მიერ ფართის ფლობა ქირავნობის ურთიერთობის საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ლ. ც-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ კანონის მიღების მომენტისათვის ნ. ტ-შვილი არ ფლობდა სადავო ბინას, რასაც უკავშირებს 1990 წელს ნ. ტ-შვილის გათხოვებისა და მისი სადავო სადგომიდან სხვა მისამართზე გადასვლის ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით: ნ. ტ-შვილი საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა 1999 წელს, რაც დადასტურდა მოწმის ჩვენებითაც, გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მოსარჩელის შვილი – ნი. ტ-შვილი დაბადებულია 1992 წელს თბილისში, რომლის მისამართად მითითებულია ... ქ.¹5 და იგი აყვანილია აღრიცხვაზე ბავშვთა მე-.... პოლიკლინიკაში, აქვე წარმოდგენილია ბავშვის ინდივიდუალური ანკეტის ასლი, გაცემული თბილისში, ... ქ.¹5-ში მცხოვრებ ნ. ს-შვილზე, ხოლო აღნიშნულის გამაქარწყლებელი რაიმე დოკუმენტი აპელანტს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ტ-შვილი სადავო საცხოვრებელ სადგომს ფლობდა კანონის მიღების მომენტში _ 1998 წლის ივნისისათვის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის საფუძვლის დაზუსტების შემდეგ ამტკიცებდა, რომ იგი წარმოადგენდა იმ კატეგორიის მოსარგებლეს, რომლის უფლებაც გამომდინარეობდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან. ამდენად, კონკრეტული დავის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის ფარგლებში გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი იყო ის ფაქტები, რომ მოსარჩელე ნ. ტ-შვილი საცხოვრებელ სადგომში რეგისტრირებულია, სადგომს ფლობდა კანონის მიღების მომენტისათვის და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.

“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარგებლის სტატუსის განსაზღვრისთვის აუცილებელი იყო კუმულაციური პირობა – სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა, მოსარჩელეს სწორად მიანიჭა მოსარგებლის სტატუსი და, ვინაიდან მოპასუხე უარყოფდა მოსარჩელის, როგორც მოსარგებლის სამართლებრივ სტატუსს და, შესაბამისად, კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებდა, მოსარგებლე ამავე კანონის 2.6 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო მესაკუთრისათვის მოეთხოვა დაკავებული სადგომის საბაზრო ღირებულების 25%_ის გადახდის სანაცვლოდ მასზე საკუთრების უფლების გადაცემა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე (სადგომის მესაკუთრე) ლ. ც-ური უარს აცხადებდა მოსარგებლისათვის კომპენსაციის გადახდაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზარებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ტ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საფუძვლიანი იყო.

რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, მიაკუთვნა რა მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე ის სარჩელით მოითხოვდა (კერძოდ, ნ. ტ-შვილი სარჩელით ითხოვდა 37,6 კვ.მ-ს მესაკუთრედ ცნობას, ხოლო სასამართლომ იგი 47,13 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნო), სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა კონკრეტული ფართის გარეშე, რაც სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განახორციელა და შესაბამისად, სასამართლოს სსსკ-ის 248-ე მუხლი არ დაურღვევია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასათნადო მხარე ნ. ტ-შვილი არასწორად ცნო თ. ო-შვილის უფლებამონაცვლედ და მიიჩნია კეთილსინდისიერ მოსარგებლედ, ვინაიდან იხდიდა გადასახადებს და დამოუკიდებელ აბონენტად დარეგისტრირებული იყო თელასში, რაც არაკანონიერია, ვინაიდან სასამართლოს არასათანადო მოსარჩელე ნ. ტ-შვილი უნდა შეეცვალა სათანადო მოსარჩელით ო-შვილით, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე თავად მოითხოვდა, კერძოდ, ნ. ტ-შვილი სარჩელით ითხოვდა 37,6 კვ.მ-ს მესაკუთრედ ცნობას, ხოლო სასამართლომ იგი 47,13 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნო, შესაბამისად, კასატორის აზრით, აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ც-ურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორ ლ. ც-ურს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 200 ლარი, მითითებული მუხლის შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ასევე საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70%, ანუ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ც-ურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ლ. ც-ურს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი და 100 ლარის 70% _ 70 ლარი, სულ 170 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.