დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.10.2010
საქმის ნომერი
ას-680-636-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-680-636-2010 11 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ქ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სარჩელი მოპასუხე მ. ყ-შვილის მიმართ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების _ 7000 ლარის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ყ-შვილს მ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 ლარის გადახდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. ქ-შვილი და გ. ყ-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1987 წლის 22 აგვისტოდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი – ე. ყ-შვილი.

2009 წლის 17 იანვარს გ. ყ-შვილი გარდაიცვალა.

2002-2003 წლებში, თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში გ. ყ-შვილის დედის, მ. ყ-შვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდა საცხოვრებელი სახლი, ე.წ. „კოტეჯი“ რომელიც 2009 წლის 20 თებერვალს საჯარო რეესტრში აღირიცხა მ. ყ-შვილის საკუთრებად.

შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში 2002-2004 წლებში მუშაობის პერიოდში, 2009 წლის 28 აპრილის ¹10\4\5 წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, გ. ყ-შვილს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული ჰქონდა 2002 წელს – 1296,54 ლარი, 2003 წელს – 1296,13 ლარი, 2004 წელს – 1030,76 ლარი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების სამმართველოს 2009 წლის 20 მარტის ცნობის მიხედვით, პოლიციის კაპიტან გ. ყ-შვილს, რომელმაც მიიღო სხეულის დაზიანება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დახმარების სახით მიეცა 6520 დოლარი.

შპს „ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის“ 2009 წლის 8 მაისის ცნობის მიხედვით, მ. ქ-შვილი აღნიშნულ პოლიკლინიკაში ექიმ-თერაპევტად მუშაობდა 1994 წლიდან 2006 წლამდე.

საქართველოს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ყ-შვილი პენსიონერი იყო და მისი პენსიის ოდენობა 2000 წელს შეადგენდა 168 ლარს, 2001 წელს - 168 ლარს, 2002 წელს – 168 ლარს, 2003 წელს – 203 ლარს, 2004 წელს – 336 ლარს, 2005 წელს 336 ლარს.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აწ გარდაცვლილი გ. ყ-შვილი მონაწილეობას იღებდა სადავო სახლის მშენებლობაში. მოსარჩელე და მისი მეუღლე დასაქმებულნი იყვნენ, ხოლო მოპასუხე კი ასაკით პენსიონერი იყო; უძრავი ქონების შექმნაში მონაწილეობდა როგორც მოსარჩელე და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე, ასევე მოპასუხე მ. ყ-შვილიც.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 317-ე და 508-ე მუხლები და აღნიშნა, რომ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა მას შემდეგ, რაც მან, მოსარჩელისა და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის მონაწილეობითა და სახსრებით აშენებული სადავო საცხოვრებელი კოტეჯი აღრიცხა თავის საკუთრებად, ვინაიდან იგი იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი სახლის აღმართვით მთლიანობაში ამ ქონების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც იგი ჩაითვალა გამდიდრებულ პირად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

მ. ყ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მ. ქ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა მ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ქ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა მ. ყ-შვილისათვის მის სასარგებლოდ 7000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება სადავო სახლის მშენებლობაზე მოსარჩელის მეუღლის - გ. ყ-შვილის მიერ საკუთარი ხარჯების გაწევის თაობაზე, ამასთან მოწმის ვ. ტ-შვილის ჩვენებით ირკვეოდა, რომ თავად გ. ყ-შვილის ნაამბობის მიხედვით, სადავო სახლის მშენებლობისათვის ყველა ხარჯი გაღებული იყო მისი დედის - მ. ყ-შვილის მიერ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არასწორად იქნა დადგენილი, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში გ. ყ-შვილის დედის მ. ყ-შვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი სახლის, ე.წ. „კოტეჯის“ მშენებლობაზე გ. ყ-შვილის მიერ გაწეული იქნა ხარჯების ნახევარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დგინდებოდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფ.კვახჭირში მ. ყ-შვილის სახელზე რეგისტრირებულ 1906 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები 2003 წლის ფასებით შეადგენდა 11417,6 ლარს, ხოლო 2009 წლის ფასებით 15072,2 ლარს, მაგრამ აღნიშნული თანხებიდან არც ნახევრის და არც 3500 ლარის გ. ყ-შვილის მიერ გახარჯვა არ დასტურდებოდა საქმის მასალებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მსჯელობა მასზედ, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მ. ყ-შვილის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხვით, ეს უკანასკნელი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

სამოქალაქო კოდექსის 967-ე, 317-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე, მე-4 და 103-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია საქმეში არსებობდა გ. ყ-შვილის შემოსავლების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებები, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მასში დაფიქსირებული თანხები გახარჯული იქნა სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, შესაბამისად, პალატამ მოსარჩელის მოსაზრება გ. ყ-შვილის კუთვნილი თანხებით სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია და მოსარჩელის მოთხოვნა სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, და მ. ქ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 385-ე, 386-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, მ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო და არ არსებობდა მ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, მ. ყ-შვილისათვის მის სასარგებლოდ 7000 ლარის დაკისრება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან მოწმეები ადასტურებდნენ გ. ყ-შვილის მონაწილეობას სახლის მშენებლობაში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახლის მშენებლობისას მ. ყ-შვილი და გ. ყ-შვილი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან მიწა რეგისტრირებული იყო მ. ყ-შვილის სახელზე, კოტეჯის მშენებლობა აღნიშნულ ნაკვეთზე დაიწყო გ. ყ-შვილმა, ვინაიდან ეს ნაკვეთი მათი ოჯახის საკუთრება იყო. მ. ყ-შვილმა კი კოტეჯი თავის სახელზე დაარეგისტრირა, შესაბამისად, მ. ყ-შვილის მიწის ნაკვეთის ღირებულება კოტეჯის აშენების შემდეგ გაიზარდა და ამდენად სახეზე იყო უსაფუძვლო გამდიდრება. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ სახლი მისი აშენებული იყო. სასამართლომ კი მტკიცების ტვირთი დააკისრა მხოლოდ მოსარჩელეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი მ. ქ-შვილი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.