საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.07.2020
საქმის ნომერი
2კ-144აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002753433

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№144აპ-20 ქ. თბილისი

გ. ზ., 144აპ-20 24 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილისა და მსჯავრდებულ ზ. გ.სა და ადვოკატ პაატა მანველიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს - მსჯავრდებულმა ზ. გ-მა, ადვოკატმა პ. მ-მა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა.

2. ბრალდების მხარე ითხოვს განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და ზ. გ-ს პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

3. დაცვის მხარე ითხოვს განაჩენის შეცვლას სასჯელის შემსუბუქების კუთხით, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არის შეზღუდული შერაცხადი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, რისი გათვალისწინებითაც, არ უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რადგან განაჩენის გამოტანისას გამოსაცდელი ვადა იყო უკვე გასული და ზ. გ-ს დანიშნული სასჯელი მთლიანად ან მისი ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ზ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გ-მ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ზ. გ-მ 2018 წლის ივნისში ბ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ს მიმდებარედ არსებულ წ-ს სატყეოს მე-.. კვარტლის მე-.. ლიტერში უკანონოდ გაჩეხა 8,84 კუბური მეტრი 7 ძირი ნაძვის ჯიშის ხე, იმავე სატყეოს მე-.. კვარტლის ..-ე ლიტერში - 15,49 კუბური მეტრი 5 ძირი სოჭის ჯიშის ხე და იმავე სატყეოს მე-... კვარტლის ...-ე ლიტერში - 2,61 კუბური მეტრი 3 ძირი ფიჭვის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 3556,08 ლარის მნიშვნელოვანიზიანი.

- ზ. გ-მ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სათავსო-ნაგებობაში სათანადო რეგისტრაციის გარეშე 2017 წლის ზაფხულის პერიოდში მოაწყო სახერხი საამქრო, სადაც დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი და მოწყობილობა. 2018 წლის ზაფხულში ზ. გ-მ სათანადო რეგისტრაციის გარეშე მოწყობილ სახერხ საამქროში გადაამუშავა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ნაწილი.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. გ-მ, ადვოკატმა პ. მ-მ და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, ერთი მხრივ - სასჯელის შემსუბუქების, ხოლო, მეორე მხრივ -სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (ითანამშრომლა გამოძიებასთნ, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ზიანის ნაწილი ანაზღაურებულია) მხედველობაში მიღებით, ზ. გ-ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის შემსუბუქება ან დამძიმება საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

9. დაცვის მხარის მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლომ უნდა გააუქმოს პირობითი მსჯავრი და დაუნიშნოს მას სასჯელი ამავე კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. დადგენილია, რომ ზ. გ-მა განზრახი დანაშაულები ჩაიდინა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით პირობით მსჯავრდებულმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, რაც პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის უპირობო საფუძველია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ასევე არ არის გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონისმიერი შეღავათების გამოსაყენებლად აუცილებელი წინაპირობები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის, მსჯავრდებულ ზ. გ-სა და ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი