საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160100119002818088
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1021აპ-19 ქ. თბილისი
გ–ი ტ., 1021აპ-19 1 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ტ. გ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ–ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ტ. გ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის ჩათვლას პირობით მსჯავრად.
2.ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით ტ. გ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ ტ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 18 იანვრიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ .......... ზ. ო–სა და ნ. ო–ს შეკამათება მოუვიდათ ნ. რ–თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ. ო–მა მის ხელთ არსებული დანით, მოკვლის მიზნით, ნ. რ–ს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარევის შედეგად. მომხდარ ფაქტზე 2018 წლის 13 დეკემბერს .......... რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N......... საქმეზე. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:35 საათზე, ....... რაიონულ სამმართველოს მიმართა ტ. გ–მა, რომელმაც განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნ. რ–ის დაჭრასთან დაკავშირებით. იმავე დღეს საქმის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხულმა ტ. გ–მა, პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, განახორციელა ნ. ო–ის და ზ. ო–ის ცრუ დასმენა - თითქოს მათ დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს ნ. რ–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ნ. რ–ს დანა დაარტყა არა მარტო ნ. ო–მა, არამედ - ზ. ო–მაც. აღნიშნული გარემოება ტ. გ–მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც.
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ...... რაიონის სოფელ ........, ზ. ო–სა და ნ. ო–ს შეკამათება მოუვიდათ ნ. რ–თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ. ო–მა მის ხელთ არსებული დანით, მოკვლის მიზნით, ნ. რ–ს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარევის შედეგად. მომხდარ ფაქტზე 2018 წლის 13 დეკემბერს მ.......ს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N........ საქმეზე. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:35 საათზე, .......... რაიონულ სამმართველოს მიმართა ტ. გ–მა, რომელმაც განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნ. რ–ის დაჭრასთან დაკავშირებით. იმავე დღეს საქმის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხულმა ტ. გ–მა, პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, გამოძიებისას მისცა ცრუ ჩვენება და განმარტა, რომ პირადად შეესწრო დაჭრის ფაქტს. მან აჩვენა, რომ ნ. რ–ს დანა დაარტყა არა მარტო ნ. ო–მა, არამედ - ზ. ო–მაც. აღნიშნული გარემოება ტ. გ–მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმეტის დროსაც.
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ...... რაიონის სოფელ .... ზ. ო–სა და ნ. ო–ს შეკამათება მოუვიდათ ნ. რ–თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ. ო–მა მის ხელთ არსებული დანით, მოკვლის მიზნით, ნ. რ–ს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარევის შედეგად. მომხდარ ფაქტზე 2018 წლის 13 დეკემბერს ......... რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N........... საქმეზე. გამოძიების პროცესში ტ. გ–მა განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნ. რ–ის დაჭრასთან დაკავშირებით. მოწმის სახით დაკითხულმა ტ. გ–მა გამოძიებისას მისცა ცრუ ჩვენება და განმარტა, რომ პირადად შეესწრო დაჭრის ფაქტს. მან აჩვენა, რომ ნ. რ–ს დანა დაარტყა არა მარტო ნ. ო–მა, არამედ - ზ. ო–მაც. ნ. ო–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 19,108-ე მუხლით, განხილულ იქნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც 2018 წლის 21 აგვისტოს, ქ. .........ში, მოწმის სახით დაკითხვისას, პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, ტ. გ–მა სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, გაიმეორა გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ნ. რ–ს დანა დაარტყეს როგორც ზ. ო–მა, ასევე - ნ. ო–მაც.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5. დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ტ. გ–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლე - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები) და მსჯავრდებულ ტ. გ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 370-ე და 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
7. სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე