საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.08.2020
საქმის ნომერი
2კ-227აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.08.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117001917143

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

#227აპ-20 ქ. თბილისი

ბ–ი რ., 227აპ-20 3 აგვისტო, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენზემსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატების - შ. ბ–ისა და ი. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატებმა შ. ბ–მა და ი. გ–მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენის შეცვლას. კასატორების მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ რ. ბ–ის ქმედება სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა ბრალად წარდგენილი ძარცვის, არამედ სხვა დანაშაულის კერძოდ, იძულების შემადგენლობა; რ. ბ–მა თავისი ქმედებით აიძულა დ. გ–ი, არ დაერეკა მობილური ტელეფონით; მსჯავრდებულს ტელეფონის მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია, ვინაიდან იგი ცდილობდა დაზარალებულისათვის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას და თავად წარუდგინა ტელეფონი სამართალდამცავებს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით რ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ბ–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისისა და 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ორჯერ ნასამართლევი რ. ბ–ი 2017 წლის 9 მარტს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ...... #..-ში მდებარე სასტუმრო „.......“ მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ. გ–ის 120 ლარად ღირებულ „DOOGEE-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატებმა შ. ბ–მა და ი. გ–მ, ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილ ფაქტებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რ. ბ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა რ. ბ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 9 მარტს დაზარალებულ დ. გ–ის მობილურ ტელეფონს დაეუფლა მსჯავრდებული რ. ბ–ი. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება. დაცვის მხარის მტკიცებით, რ. ბ–მა თავისი ქმედებით აიძულა დ. გ–ი, არ დაერეკა მობილური ტელეფონით, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებით, რ. ბ–მა დ. გ–ს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა მობილური ტელეფონი.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს: რ. ბ–ის ქმედება ცალსახად შეიცავს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნებს, რადგან გამოხატულია აშკარა და აქტიური მოქმედებით დაზარალებულის ნივთის დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოგვიანებით საკუთარი ნება-სურვილით განკარგვა, რაც ვერ შეფასდება მხოლოდ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვად, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებად, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ და მისი შესაძლო მისწრაფება, აენაზღაურებინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთი, მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება შეფასდეს და არ გამორიცხავს მის ბრალეულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ რ. ბ–ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში არის კანონიერი.

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატების - შ. ბ–ისა და ი. გ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი