საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.08.2020
საქმის ნომერი
2კ-302აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.08.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002765314

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№302აპ-20 ქ. თბილისი

შ. ო., 302აპ-20 5 აგვისტო, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. შ-ს ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. შ-ს ადვოკატმა ფ. მ-მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა; შემთხვევის ადგილებიდან ო. შ-ს ხელის კვალი ან ბიოლოგიური მასალა არ ამოღებულა; მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდი ნანახია შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ნაპოვნ მონიტორზე, რომელზეც არ მიუთითებდა დაზარალებული გამოკითხვისას; ო. შ-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებთან მსჯავრდებულის კავშირი არ დასტურდება; პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები ემყარება საეჭვო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მხოლოდ სამართალწარმოების დასკვნით ეტაპზე წარმოადგინა პროკურორმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით ო. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ო. შ-ს განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. შ-მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანანო შეღწევით და ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, ო. შ-მა უკანონოდ შეაღწია .... მდებარე მ. და ვ. ა-ების საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ტექნიკას, ძვირფასეულობას, ფულად თანხასა და სხვადასხვა პირად ნივთებს. ო. შ-ს ქმედებით მაია და ვენერა ათაბეგაშვილებს მიადგა 1985 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2018 წლის 1 ნოემბერს ო. შ-მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ... მდებარე თ. ა-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახლში არსებულ ნივთებს, თუმცა დაზარალებულის აქტიური ქმედებით განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ო. შ-ს ქმედებით თ. ა-ს შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. შ.ს ადვოკატმა ფ. მ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია ო. შ.ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. მხოლოდ ის გარემოება, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილებიდან ვერ იქნა ამოღებული მსჯავრდებულის ხელის კვლები ან ბიოლოგიური მასალა ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ო. შ-ს დანაშაულები არ ჩაუდენია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულების - მ. და ვ. ა-ა და თ. ა-ს, მოწმეების - ლ. ჩ-ს, ლ. ჩ-ს, პ. გ-ს, ა. ა-ს, რ. ა-ს, გ. რ-სა და ვ. მ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, სახლის ჩხრეკის, ნივთის ამოცნობის და დათვალიერების ოქმებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო. შ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. შ-ს ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი