საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #080100119003191506
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№526აპ-20 ქ. თბილისი
ქ–ე დ., 526აპ-20 19 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ქ–ის ადვოკატ თ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ–ის ადვოკატმა თ. მ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მტკიცებით დ. ქ–ის ქმედებაში გამოკვეთილი არ არის ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები; სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა მსჯავრდებულის ქმედებაში განზრახვის არსებობა, დაზარალებულების მიერ ძლიერი ფიზიკური ტკივილის განცდა და ბიძის, როგორც ოჯახის წევრის, მიმართ დანაშაულის ჩადენა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 6000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ქ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. .............ში, ............ის ქუჩაზე, მე-.. შესახვევის №.-ში მდებარე სახლში, მთვრალმა დ. ქ–მ იძალადა ბიძაზე -ი. ყ–ზე (ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას), რომელსაც ბეჭისა და მკლავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და დაზე - ხ. ქ–ზე, რომელსაც რამდენჯერმე ჰკრა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ–ის ადვოკატმა თ. მესხმა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცველად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები უკანონო და დაუსაბუთებელია და სასამართლოებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასეს, ვინაიდან გადაწყვეტილებებში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მსჯავრი დაედო დ. ქ–ს ოჯახის ორი წევრის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენაში.
8. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში დ. ქ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ ეთანხმება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებას და, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები, საკასაციო პალატა აფასებს სწორედ ამ უდავოსამხილების შინაარსობრივ მხარეს, რათა დაადგინოს დანაშაულის სადავოდ გამხდარი ასპექტები.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
10. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443-ე, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის - და, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ქ–ის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი; საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ქ–ს ჰქონდა ოჯახის წევრებზე - ი. ყ–სა და ხ. ქ–ზე ფიზიკური ძალადობის განზრახვა. ბრალის ფორმის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მხოლოდ განზრახია (პირდაპირი ან არაპირდაპირი). სასამართლომ დ. ქ–ის განზრახვის დასადგენად გააანალიზა დაზარალებულების - ი. ყ–სა და ხ. ქ–ის გამოკითხვის ოქმები (რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული), მათი ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და უშუალოდ ძალადობის მომენტში და დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს სურდა ოჯახის წევრებზე ძალადობა და მისი ქმედებები სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. დაზარალებულების - ი. ყ–ის, ხ. ქ–ის და მოწმე ლ. ყ–ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ დ. ქ–მ ჯერ აგინა ი. ყ–ს, გაიწია მისკენ, მოუქნია რამდენჯერმე ხელი, რომელიც მოარტყა მარჯვენა მკლავისა და ბეჭის არეში და ოჯახის წევრების ჩარევის მიუხედავად, კვლავაც არაერთხელ იწევდა მის საცემად, ხოლო ხ. ქ–ს, ი. ყ–თან კონფლიქტში ჩარევის გამო, უყვირა, რომ ,,წათრეულიყო“ და ძლიერად ჰკრა ხელი. დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულის ქმედებების შედეგად მათ განიცადეს ტკივილი. ამდენად, კასატორის მტკიცება, რომ დ. ქ–ე არ მოქმედებდა განზრახ და მისი ძალადობის შედეგად დაზარალებულებს ტკივილი არ განუცდიათ, არაგონივრულია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
12. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმად, მართალია, ი. ყ–ე დ. ქ–ის ბიძაა, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად, ვინაიდან დაზარალებულების - ი. ყ–ისა და ხ. ქ–ის, მოწმეების - ლ. და ნ. ყ–ების გამოკითხვის ოქმებით ცალსახად დადგენილია, რომ მოძალადე და მსხვერპლი არა მარტო ერთად (ერთ ჭერქვეშ), არამედ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და, შესაბამისად, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ქ–ის ადვოკატ თ. მ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი