საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119002819916
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №512აპ-20 ქ. თბილისი
მ–ი ს., 512აპ-20 1 6 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი,მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ს. მ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ს. მ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ს. მ., - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3წლითთავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლითა და 6თვით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6თვითთავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 4 იანვრიდან. მასვესასჯელის მოხდის ვადაში ჩათვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 დეკემბრიდან იმავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ს. მ–ი ქ. .....ში, ......ში, .... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, მშენებარე ქარხანა შპს „......დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 7 ცალ, დაახლოებით 5 მეტრ სპილენძის მილს, რითაც შპს „......ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ს. მ–ი მივიდა ქ. .....ში, .........ში, ........ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ა. შ–ის კუთვნილ და შპს „ნ–ს“ მფლობელობაში არსებულ ა/მანქანასთან (სახ. ნომრით ....) და მოხსნა ორივე აკუმულატორი. აღნიშნული ფაქტი შენიშნა შპს „ნ–ს“ დაცვის თანამშრომელმა გ. გ–მ, რომელმაც ს. მ–ს ხელი დაუჭირა და შეეცადა მის შეპყრობას. ამ დროს ს. მ–მა ამოიღო დანა და გ. გ–ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა გაშვება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ს. მ–ი მივიდა ქ. .....ში, წ......ში, ......ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ა. შ–ის კუთვნილ და შპს „ნ–ს“ მფლობელობაში არსებული ა/მანქანის (სახ.N....) მიმდებარედ დადებულ და თავისივე ხელით მოხსნილ აკუმულატორთან, რომელსაც შპს „ნ–ს“ დაცვის თანამშრომლის - გ. წ–ის მოთხოვნის მიუხედავად „თავი დაენებებინა“, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. ს. მ–ს ქმედების შედეგად ა. შ–ს მიადგა 315 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას იმ ნაწილში, რომელშიც მსჯავრდებული ს. მ–ი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ს. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 4 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 დეკემბრიდან იმავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია კანონისმოთხოვნათადაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა: მსჯავრდებულ ს. მ–ს აღიარებითი ჩვენება ქურდობის ეპიზოდში, დაზარალებულ ს. ლ–სა და მოწმეების - გ. გ–ს, გ. წ–ის, ჯ. ბ–ს, ა. კ–ს, ა. შ–ის, დ. ხ–ის, დ. მ–ის, ბ. ბ–ის, მ. ს–ის, მ. ჯ–ის, ნ. ლ–ის, ი. გ–ის ჩვენებები, პირის ამოცნობის, მობილური ტელეფონის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ზ. ჯ–მ), სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა(სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ. ნ–მა), გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
8. საკასაციო სასამართლო ძარცვის ეპიზოდთან მიმართებით მიუთითებს: დადგენილია ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს ს. მ–ი ნამდვილად იმყოფებოდა შპს „ნ–ს“ კუთვნილ ტერიტორიაზე, საიდანაც დაეუფლა აკუმულატორს. თვითმხილველი მოწმის - გ. წ–ის ჩვენების თანახმად, მან დილის საათებში დაინახა, თუ როგორ გაჩერდა შპს „ნ–ს“ ტერიტორიაზე „ოპელ ვექტრას“ ფირმის ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ს. მ–ი და აიღო აკუმულატორი. მან დაუძახა „რას აკეთებო“ და გაიქცა მისი მიმართულებით. დამნაშავე მიხვდა, რომ დაცვის თანამშრომელი მისკენ მიდიოდა, რის გამოც სწრაფად ჩადო აკუმულატორი ა/მანქანაში, გზა პირდაპირ მისკენ განაგრძო და თავად რომ არ გაწეულიყო, დაეჯახებოდა. მოწმე გ. წ–ი დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით რაიმე სახის გარემოება, რაც საეჭვოს გახდიდა მის მიუკერძოებლობას, არ დადგენილა.
9. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ობიექტურად შეუძლებელია მსჯავრდებულს ეფიქრა, რომ მისი ქმედებები იყო ფარული. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფარულობის არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმის არსებობა.
10. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ს. მ–ს მიერ ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედება იყო ქურდობა და არა - ყაჩაღობა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. რაც შეეხება ყაჩაღობას, მისი ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა. უფრო მეტიც, ყაჩაღობის დროს დამნაშავე მსხვერპლის მიმართ ახორციელებს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ქმედების შემადგენლობის განხორციელება ს. მ–ს თავდაპირველი განზრახვით მხოლოდ ქურდობას მოიცავდა, მაგრამ ქმედების შემადგენლობის დასრულებამდე, იგი ყაჩაღობაში გადაიზარდა.
11. სასამართლო ითვალისწინებს თვითმხილველი მოწმის - გ. გ–ას ჩვენება, რომელმაც დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა მოვლენათა განვითარება მას შემდეგ, რაც დაინახა შპს „ნ–ს“ ტერიტორიაზე მყოფი ს. მ–ი, რომელიც ცდილობდა კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ა/მანქანიდან აკუმულატორების დაუფლებას, რისი უფლებაც მან არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ს. მ–ი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ აკუმულატორები მას ეკუთვნოდა. იგი შეეცადა დამნაშავის დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში შეყვანას, რა დროსაც ს. მ–მა ამოიღო პატარა დანა და დაემუქრა, რომ თუ არ გაუშვებდა, დაარტყამდა. თავდამსხმელისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე, იგი იძულებული გახდა, დამნაშავე გაეშვა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რაიმე სახის გარემოება, რაც ეჭვს გააჩენდა მოწმის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, საქმის შესწავლის შედეგად არ დადგენილა. რაც შეეხება გ. გ–ს მეწყვილის - გ. წ–ის ჩვენებას, იგი სრულადაა თანხვდენილი გ. გ–ს ჩვენებასთან, კერძოდ, იგი იყო მოსასვენებელ ოთახში, როდესაც მასთან მივიდა გ. გ–ა, რომელიც შველას სთხოვდა და უამბო, როგორ დაემუქრა დანის გამოყენებით პირი, რომელიც ცდილობდა აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. იგი სასწრაფოდ გაჰყვა მეწყვილეს ქარხნის ეზოში, რა დროსაც იქვე მდგარი სატვირთო ა/მანქანის წინ შენიშნა აკუმულატორი, ხოლო პირი, რომელიც გ. გ–ს დანის გამოყენებით დაემუქრა, იქ აღარ დახვდათ.
12. სასამართლო ითვალისწინებს რომ ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია შეტანილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ყაჩაღობისაგან დაცვის ობიექტებიდან საკუთრებით ურთიერთობების დაცვას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება (თუმცა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კანონმდებელი ყაჩაღობას დასრულებულად მიიჩნევს თავდასხმის მომენტიდან).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017) და ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე