საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.11.2020
საქმის ნომერი
2კ-445აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #150100118002553241

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №445აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი ა., 445აპ-20 25 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ის, მსჯავრდებულ ა. კ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. მ–ს გამართლებას.

მსჯავრდებული ა. კ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. გ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ა. კ–ს გამართლებას.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

ა. მ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7150 ლარი. მასვე ბრალდებულის სახით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (03.06.2018-დან 05.06.2018-მდე), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი 150 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.

გაუქმდა ა. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

ა. კ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6050 ლარი. მასვე ბრალდებულის სახით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (03.06.2018), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი 50 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი.

გაუქმდა ა. კ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები: 1) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გასაბერი რეზინის ნავი, 2) ორი ცალი ნიჩაბი, 3) ნავის გასაბერი მოწყობილობა, 4) ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი, რომლებიც ინახება ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში, უნდა დაექვემდებაროს უსასყიდლოდ ჩამორთმევას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ–მა და ა. კ–მა საქართველოს მთავრობის 31.12.2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ დროს, კერძოდ, 2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ..........ის ეროვნულ პარკში შემავალ .....ის ტბაზე, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის უბნის ტერიტორიაზე, თევზმახის გამოყენებით, რაც შესაბამისი ლიცენზიის არარსებობისას წარმოადგენს თევზჭერისათვის აკრძალულ იარაღს, დაიჭირეს 108 კგ მდინარის კიბო.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების - ა. მ–სა და ა. კ–სათვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელების შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ.იხ.საქმე N121აპ-17) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. მ–სა და ა. კ–ს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმე ვ. დ–ის, ზ. გ–ის, ზ. ჟ–ის, ი. ქ–ის, პ. პ–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმი და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

8. თვითმხილველი მოწმეები (მაგ. ზ. გ–ე, ზ. ჟ–ი, ი. ქ–ე) ცალსახად მიუთითებენ რომ თავად ხედავდნენ არა მხოლოდ თევზჭერისთვის გამოყენებული ბადის ფორმას (ძაბრისებრი კონსტრუქცია), არამედ იმასაც რომ ა. მ–ი და ა. კ–ი ბადის ნავში გადაცლის შემდეგ (ხელით იღებდნენ ბადეში არსებულ თევზს) ბადეს ისევ ადგილზე აბრუნებდნენ. სწორედ ამითვე აიხსნება ის გარემოებაც თუ რატომ არ იქნა აღმოჩენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას თევზჭერისთვის გამოყენებული ბადე (ამასთანავე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მსჯავრდებულებს შენიშვნა მათ შორის ბადესთან/ბადეს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა რომ მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოყვარულო ტიპის ბადის გამოყენებას). მოწმეების - ზ. ჟ–სა და ი. ქ–ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 2 ივნისს ტბაზე ფოტოხაფანგს სხვა არავინ დაუფიქსირებია, ტბაშიც და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც მხოლოდ ა. მ–ი და ა. კ–ი იმყოფებოდნენ;

მოწმე პ. პ–ის ჩვენების თანახმად, 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებული თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, კ–ის ტბაზე აკრძალულია თევზჭერა 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით და კ–ის ტბაზე არ იყო გაცემული თევზჭერის ლიცენზია.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001). ამასთან, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ის, მსჯავრდებულ ა. კ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე