საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.11.2020
საქმის ნომერი
2კ-192აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002166074

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №192აპ-19 ქ. თბილისი

ღ–ი ი., 192აპ-19 13 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ციხისელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. ღ–ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით:

ნ. ხ–ს, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი დაკავების შემთხვევაში შესახლებულ უნდა იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

ი. ღ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 15000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ვ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 3000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 15000 ლარის ოდენობით - შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ღ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.

გაუქმდა ი. ღ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ი. ღ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გამომძიებლისთვის ჩაბარების თაობაზე.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 9 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება და ყადაღა უნდა მოეხსნას ი. ღ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში (საკადასტრო კოდი: ......) მდებარე, ნ. დ–ის (პირადი ნომერი: ...........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ეკვივალენტურ ნაწილს.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის თებერვალში ი. ღ–ი ნ. ვ–ს გაეცნო როგორც შპს „...............“ თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ აუქციონზე იაფად აყიდვინებდა ბინებს. 2015 წლის მაისში ი. ღ–ი დაუკავშირდა ნ. ვ–ს და მოატყუა, რომ თითქოსდა, ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე იყიდებოდა ..........ში, ..........ის ქუჩის N.. - ში მდებარე ბინა N.. (ს.კ. ..........) და დაეხმარებოდა მის შეძენაში 20000 ლარად. ნ. ვ–ე ენდო ი. ღ–ს და უძრავი ქონების შეძენის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს შპს „............“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 20000 ლარი, რის შემდეგაც ი. ღ–მა კომპანიის დირექტორ ნ. ხ–ს მეშვეობით გამოიტანა ნ. ვ–ის კუთვნილი 20000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ი. ღ–ი მ. ბ–ს გაეცნო ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის თანამშრომლად და დაარწმუნა, რომ 25 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე შეაძენინებდა .....ში, .........ის ფერდობის .. მიკრორაიონის N.. კორპუსში მდებარე ბინას (ს/კ ..........). ამ მიზნით, 2016 წლის 28-29 იანვარს მ. ბ–მა ი. ღ–ს, როგორც საგარანტიო თანხა, ხელზე ორ ეტაპად გადასცა 5 000 ლარი. 2016 წლის თებერვალში ი. ღ–მა მოატყუა მ. ბ–ი, რომ თითქოს, მონაწილეობდა აუქციონში და მისთვის შეიძინა უძრავი ქონება, მაშინ, როცა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მითითებული უძრავი ქონება უკვე შეძენილი ჰქონდა სხვა პირს. ი. ღ–მა მ. ბ–ს დამატებით მოსთხოვა 18000 ლარის გადახდა უძრავი ქონების შესაძენად. მ. ბ–ი ენდო ი. ღ–ს და 2016 წლის 13 თებერვალს ......ში, .............ზე მდებარე სს ,,............“ ფილიალში, შპს ,,.......“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 18000 ლარი, რის შედეგადაც ი. ღ–მა კომპანიის დირექტორ ნ. ხ–სს მეშვეობით გამოიტანა მ. ბ–ის კუთვნილი 18000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

2015 წლის აგვისტოში ........ში, ი. ნ–ის ქუჩაზე, ი. ღ–მა შპს „.....“ სახელზე რეგისტრირებული, ,,X-TRAIL-ის“ მარკის ავტომანქანა, სახ....., როგორც მისი საკუთრება, 2500 აშშ დოლარად მიჰყიდა მ. ჩ–ს. ამ გზით თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მ. ჩ–ის კუთვნილ ფულად თანხას - 2500 აშშ დოლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის აპრილის დასაწყისში ი. ღ–ი და ნ. ხ–ს დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს, თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდნენ მ. ჩ–ის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ი. ღ–მა მ. ჩ–ე დაარწმუნა, რომ შპს „......“ დირექტორის - ნ. ხ–ს მოადგილედ მუშაობდა და დაეხმარებოდნენ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე მისთვის სასურველი ბინის იაფად შეძენაში. მეტი სარწმუნოობისთვის 2015 წლის 14 აპრილს ი. ღ–მა და ნ. ხ–მა მ. ჩ–ე მიიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და რეგისტრაცია გაატარეს ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე. იმავე დღეს ......ში, ......ის ქუჩის N..-ში მდებარე სს „........“ ..........ის სერვისცენტრში, ი. ღ–მა და ნ. ხ–მა შპს „....“ ანგარიშზე მ. ჩ......ს მოტყუებით შეატანინეს ფულადი თანხა - 30000 აშშ დოლარი, თითქოსდა, აუქციონზე 200 000 ლარად ღირებული, ......ში, .....ის გამზირის N..-ში მდებარე ბინის შეძენის მიზნით. აღნიშნული თანხა ეტაპობრივად გაანაღდეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. ვინაიდან მოქმედებდნენ ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, ზემოხსენებული ბინის შესაძენად 2015 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრამდე პერიოდში, ი. ღ–ი თანამონაწილე ნ. ხ–თან ერთად, მოტყუებით, დამატებით დაეუფლა მ. ჩ–ის კუთვნილ 1300 აშშ დოლარს. ნ. ხ–მა და ი. ღ–მა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ მ. ჩ–ს მიაყენეს 31300 აშშ დოლარის (70314 ეკვივალენტით ლარის) დიდი ოდენობით ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. ღ–ს დანიშნული სასჯელის დამძიმებასა და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ი. ღ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). ი. ღ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ამასთან, მან სრულად აუნაზღაურა დაზარალებულებს - მ. ჩ–სა და ნ. ვ–ს მიყენებული ზიანი, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი, დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებითა და გადახდის ქვითრებით; დაზარალებულ მ. ბ–თან დაკავშირებით მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ის მზადაა, მასაც აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი; ი. ღ–ი არის სამი მცირეწლოვანი შვილის დედა.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე