საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.12.2020
საქმის ნომერი
2კ-550აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002946447

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №550აპ-20 ქ. თბილისი

ი–ი გ., 550აპ-20 21 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. დ–ისა და ზ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ გ. იბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - ნ. დ–ე და ზ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ. ი–ის გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გ. ი–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N...... გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 წლის, 2 თვისა და 4 დღის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ი–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 28 თებერვლიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით გ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ დამე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულის შემდეგ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გ. ი–მა კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

2019 წლის 28 თებერვალს, ღამის საათებში, გ. ი–მა უკანონოდ შეაღწია ქ. ......ში, .........ის მე-. ........ის მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „..........“ დაცულსაცავში. აღნიშნულის შემდეგ, გ. ი–მა სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა საცავში არსებულ სხვადასხვა დასახელების სამუშაო ნივთს. ამ ქმედებით შპს „.......“ შესაძლებელია, მისდგომოდა 1700 ლარის მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ.იხ.საქმე N529აპ-20) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, ესენია - მოწმეების - გ. მ–ის, გ. კ–ის, გ. ა–ის, ჯ. რ–ის, თ. ც–ის, გ. გ–ის ჩვენებები, დაზარალებულის წარმომადგენელ გ. რ–ის ჩვენება, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.

8. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაზარალებული კომპანიის თანამშრომელების ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სრულყოფილი, მათში რაიმე სახის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. ამასთან, გ. რ–ის და გ. მ–ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მასში მონაწილე გამომძიებლისა და ექსპერტების ჩვენებებთან, საიდანაც დგინდება, რომ ქ. ...........ში, ........ის ფერდობი, მე-. მ/რ, N..-ში მდებარე მშენებარე კორპუსის მინუს მე-. სართულზე განთავსებული სათავსოს კარი იყო ღია მდგომარეობაში, მასზე მოტეხილი იყო ერთი ცალი მოსაჭიდებელი, რის გამოც ბოქლომი იყო ჩაკეტილი ერთ მოსაჭიდებელზე, სათავსო გამოიყენებო და სხვადასხვა სამშენებლო ნივთების შესანახად.

9. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები - გ. ა–ე და ჯ. რ–ი საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად, გარკვევითდა ზედმიწევნით. სამართალდამცავებმა დეტალურად აღწერეს, რომ ისინი ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოცხადდნენ ქ. ...........ში, ..........ის ფერდობი, მე-. მ/რ, N.. კორპუსის მიმდებარედ, სადაც კორპუსის ღობესთან ახლოს დაინახეს, თუ როგორ ალაგებდა ნივთებს გ. ი–ი მის მფლობელობაში არსებულ თეთრი ფერის ავტომობილში. სამართალდამცავებმა სრულყოფილად აღწერეს, თუ რა დასახელების ნივთები იქნა ნანახი და ამოღებული აღნიშნული ავტომანქანის წინა და უკანა სალონებიდან, ასევე მის მიმდებარედ ნიადაგის ზედაპირიდან.

10. სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების შეფასებას მოწმე პოლიციელების ჩვენებების უტყუარობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება დაზარალებულებისა და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმის სხვა მტკიცებულებებთან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან და კასატორსაც არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები მოწმე პოლიციელების რაიმე სახით ან საფუძვლით დაინტერესების შესახებ, რაც სასამართლოს მისცემდა მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენისაქმეზე №96აპ-17).

11. კასატორები მსჯავრდებულ გ. ი–ის ინტერესების დასაცავად თავიანთ საჩივარში აღნიშნავენ, რომ რადგან შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში არ დაემთხვა გ. ი–ის სუნის ნიმუშს, იგი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირი.

12. აღნიშნულ პოზიციას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის - ბ. ი–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული იქნა დანაგვიანებული ნიმუში, რაც კვლევის ჩატარებისათვის არის ხელის შემშლელი ფაქტორი. შესაბამისად, არ გამოირიცხება გ. ი–ის ყოფნა შემთხვევის ადგილზე.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. დ–ისა და ზ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე