დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010142220700109675
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №25აგ-20 ქ. თბილისი
მ–ე ა., 25აგ-20 11 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:
ა. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლინაწილითწარდგენილ ბრალდებაში.
ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითთავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
2. 2020 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ პუნქტისა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა ძებნილი ა. მ–ის მიმართ და მისი სრულად გათავისუფლება განაჩენით დანიშნული სასჯელისგან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. მ–ის მიმართ გამოყენებულ იქნეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა; კასატორის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მათ შორის არც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად გადასინჯვის საფუძველია ახალი კანონი, რომელიც „აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო“.
4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამნისტია 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სახით. აღნიშნული კანონის თანახმად, ამნისტია ამავე კანონით განსაზღვრული წესით და მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად ვრცელდება იმ პირებზე, ვინც აკმაყოფილებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
5. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი მკაფიოდ ადგენს მათ შორის დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე ძებნილი პირის მიმართ როგორც ამნისტიის გამოყენების წესს, ასევე ამნისტიის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას და ითვალისწინებდა სასამართლოს განაჩენის მხოლოდ ერთხელ გადასინჯვის შესაძლებლობას „ამნისტიის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ვადაში. სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პირის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დაზარალებულის თანხმობა პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც თანხმობა გაცხადებულია აღნიშნული კანონის გამოყენებისას. შესაბამისად, ამნისტიის გამოყენების შემდეგ მოპოვებული დაზარალებულის თანხმობა არ წარმოადგენს ამნისტიის ხელმეორედ გარცელების საფუძველს.
6. როგორც წარმოადგენილი საქმის მასალებით დგინდება, ა. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ამავე კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით ა. მ–ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და მას შეუმსუბუქდა განაჩენით დანიშნული სასჯელი. მოცემულ პერიოდში დაცვის მხარეს დაზარალებულების თანხმობა არ მოუპოვებია და არ წარუდგენია სასამართლოში.
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული სხვა გარემოებაზე, რაც გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინების გადასინჯვის საფუძველი. კანონი, რომელზეც კასატორი მიუთითებს უკვე იყო გამოყენებული ა. მ–ის მიმართ, ხოლო 310-ე მუხლის „ ვ)“ ქვეპუნქტი გულისხმობს განაჩენის გადასინჯვას ისეთი ახალი კანონის საფუძველზე, როდესაც „ვ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის გამოყენების საკითხი მოცემული პირის მიმართ მანამდე არ იყო განხილული. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის განმეორებით გამოყენების შესახებ არ პასუხობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ‘ვ)“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
8. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციონაწილი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ემუხლისმე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დაადგინა :
1. მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე