ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 01.02.2021
საქმის ნომერი
2კ-827აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003187383

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №827აპ-20 1 თებერვალი , 2021 წელი

ა–ი ა., 827აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ა. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მისი ბრალეულობა დასტურდება მხოლოდ ე. ბ–ს არასანდო და არადამაჯერებელი ჩვენებით, ხოლო რაც შეეხება ა. ა–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, ისინი მისი განმარტებით, პოლიციამ „ჩაუდო“.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენით ა. ა–ი, - დაბადებული 1... წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა. ა–ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელები და ა. ა–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან -2019 წლის 5 ივლისიდან.

გაუქმდა ა. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ცნობად იქნა მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა. ა–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმდა.

ა. ა–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 თებერვლის ჩათვლით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ა–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო - 20 (ოცი) წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება, დალუქული N FCD ........; N FCD ........ ლუქებით, შესაფუთი მასალა, ა. ა–სა და ე. ბ–ს ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ა. ა–საგან ამოღებული საფულე, პირადობის მოწმობა, ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა–მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

ა. ა–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ა. ა–მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - 10,3317 გრამი „ჰეროინის“, 0,19228 გრამი „მორფინისა“ (ფუძე) და 0,0608 გრამი „კოდეინის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერებები.

2019 წლის 5 ივლისს ა. ა–მ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი - 0,5427 გრამი „ჰეროინის“, 0,00848 გრამი „მორფინისა“ (ფუძე) და 0,0025 გრამი „კოდეინის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერებები უკანონოდ გაასაღა ემილ ბაირამოვზე, რაც ამოიღეს 2019 წლის 5 ივლისს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა .............ში, ........ის ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ე. ბ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების ნაწილს - 9,789 გრამ „ჰეროინის“, 0,1838 გრამ „მორფინისა“ (ფუძე) და 0,0583 გრამ „კოდეინის“ (ფუძე) შემცველ ნივთიერებებს ა. ა–ი ინახავდა პირადად, რაც 2019 წლის 5 ივლისს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს .....ში, ........ის ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ა. ა–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

- გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარების გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ა. ა–მ განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება. მოხმარების ფაქტი ა. ა–ს დაუდგინდა 2019 წლის 5 ივლისს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ–მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ა. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ის მოთხოვნას ა. ა–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ე. ბ–ს, დ. ბ–ის, გ. თ–ის, რ. ლ–ს, ო. ჩ–ს, ქ. ც–ისა და სხვათა ჩვენებებით, ა. ა–ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ე. ბ–ს პირადი ჩხრეკის ოქმით, დეტექტივ- გამომძიებელ რ. ლ–ს პატაკებით, გენეტიკური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის დადგენილებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით მსჯავრდებულ ა. ა–ს მიერ მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ..., 273-ე მუხლით ... გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, ა. ა–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.

4. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ა. ა–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული ძირითადი სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც იმავე განაჩენით ჩათვლილი ჰქონდა პირობით და შემდეგ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენმა. ა. ა–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–11 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უნდა აღუდგეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

5. ა. ა–ს მოსახდელად უნდა დარჩეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა. ა–ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ ა. ა–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ ა. ა–ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ქმედებებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შეღავათები ვერ გავრცელდება, რადგან მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათები არ შეხებია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს, ხოლო რაც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ ნაწილში პირის მიმართ ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის ნასამართლევი და მსჯავრი არ დაედო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში. აღნიშნულ წინაპირობებს მოცემულ შემთხვევაში ა. ა–ი ვერ აკმაყოფილებს, რადგან მას მსჯავრად ერაცხება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. მსჯავრდებული ა. ა–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;

4. ა. ა–ს მოსახდელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ა. ა–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული ძირითადი სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც იმავე განაჩენით ჩათვლილი ჰქონდა პირობით და შემდეგ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენმა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა. ა–ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ ა. ა–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ა. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან -2019 წლის 5 ივლისიდან;

8. ა. ა–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 თებერვლის ჩათვლით;

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა. ა–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმდა;

10. ა. ა–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–11 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღუდგეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი