დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.02.2021
საქმის ნომერი
2კ-38-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004290543

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №38I -21 თბილისი

ს–ე გ., 38I -21 18 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით გ. ს–ე, - დაბადებული 1... წელს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი; დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 15000 ლარი. გ. ს–ეს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 6 აგვისტოდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ს–ის პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს–ეს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს - 1 წელი და 6 თვე, ხოლო - 1 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. გ. ს–ეს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 6 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ს–ემ, რომელიც ითხოვს განჩინების ნაწილობრივ შეცვლასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან ერთად მისთვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე - ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ გ. ს–ეზე, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე არ გათავისუფლებულა სასჯელისაგან, არამედ გაუნახევრდა შეფარდებული სასჯელი, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები არ აღუდგება.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი