დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.02.2021
საქმის ნომერი
2კ-83-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004287703

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№831-21 23 თებერვალი, 2021 წელი

ბ–ი შ., 831-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით:

შ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ლ. თ–ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ლ. ა–ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ლ. ა–ის მეორე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (მ. ბ–ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ. ბ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით შ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შ. ბ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაკოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ბ–ს მიესაჯა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

შ. ბ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 აპრილიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება. შ. ბ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა (2017 წლის 25 აპრილს, ...........ის რაიონის სოფელ ..........ში მდებარე, თ. მ– ის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში) ყალბი 200 - ლარიანი კუპიურის გასაღების ერთი ეპიზოდი.

შ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შ. ბ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ შ. ბ–ს მოსახდელად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 აპრილიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ შ. ბ–ის პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ბ–ის მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი

7. მსჯავრდებული შ. ბ–ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელბას იმ საფუძლით, რომ მას საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია და, შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონე პირად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ. ბ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშულების ჩადენის დროს ნასამართლევი იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით. იგი ასევე ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით, რის შესაბამისად, მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს, არამედ მსჯელობს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საკითხზე.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი