დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004286233
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№841-21 23 თებერვალი, 2021 წელი
რ-ა ა7, 841-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. რ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით ა. რ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 15 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; 18, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც 50-ე მუხლის საფუძველზე 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა. რ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც 50-ე მუხლის საფუძველზე 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა. რ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2019 წლის 19 იანვრიდან.
ა. რ–ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
2. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ა. რ–ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. მსჯავრდებული ა. რ–ა საჩივრით ითხოვს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან მას მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი, ხოლო მსჯავრად შერაცხული აქვს არა ნარკოტიკული საშუალების გასაღება, არამედ - გასაღების მომზადება და მცდელობა, რაც არ გამორიცხავს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას. მსაჯვრდებულს საჩივარზე დართული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2012 წლის 25 იანვარს გაცემული სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ იგი სტუდენტია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მსჯავრდებული ა. რ–ა მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი და ამასთან, მსჯავრი არ ედება ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში, არამედ - გასაღების მომზადებასა და მცდელობაში.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოტივებს და აღნიშნავს შემდეგს:
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული პირი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, მან, სასჯელის მოხდის პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, იგი პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) ან XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან იგი სტუდენტის სტატუსს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოიპოვებს“.
5. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, ა. რ–ს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი, ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან მას მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ყველა ეპიზოდში მსჯავრი ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. რ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი