დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2021
საქმის ნომერი
2კ-126-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №126I -21 თბილისი

ს–ი ნ., 126I -21 26 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ–ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით ნ. ს–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 10 აპრილიდან. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. ს–ს პირადი საქმე.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნარინე სოღომონიანს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოოდ მოსახდელად დარჩა იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელზეც, ასევე – დამატებით სასჯელებზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დარჩენილი სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ს–ი მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი სწორად გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ არის გათვალისწინებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, რისი მხედველობაში მიღებითაც, მასზე და ამ მუხლით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მართებულად არ გავრცელდა.

3. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

4. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ნ. ს–ი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, მასზე სწორად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის მოქმედება.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი