საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.07.2020
საქმის ნომერი
2კ-322აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№332აპ-20 ქ. თბილისი

ი-ი ა-ზ, 332აპ-20 30 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ი-ს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი); თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით ა. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ა-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; ა. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა ჯარიმა – 37 100 ლარი; ა. ი-ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 37 100 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 20 000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ 2016 წლის 23 მაისს დ-ის რაიონში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიორიაზე, ა. ი-მა იმავე რაიონის სოფელ ზ. ო-ში მცხოვრებლების – ი. ი-ის, ი. ფ-ის, ვ. გ-ის, ს. ა-ას, ქ. ფ-ის, მ. ი-ის, ს. ბ-ის, რ. ი-ის, ჯ. ბ-ისა და მ. პ-საგან მოტყუებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ვითომდა დ-ის რაიონის საზაფხულო საძოვრებზე ზაფხულის განმავლობაში სამწყემსავად და შესანახად ჩაიბარა 32 240 ლარად ღირებული, 242 სული ცხვარი. ა. ი-მა ამ ცხვრებიდან 197 სული 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს გარდაბნის რაიონის სოფელ თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „მ. ნ-თან“, ვალის დაფარვის მიზნით, გადასცა ვ. ა-ს, ხოლო დანარჩენი – პირადად მოიხმარა.

2016 წლის ივლისში ა. ი-მა ქ. ფ-ს, მ. -სა და მ. პ-ს მოტყუებით, წინასწარ გამოართვა 50-50 ლარი, ს. ბ-ს – 20 ლარი, ხოლო ვ. გ-ვს – 50 ამერიკული დოლარი, როგორც მათი ცხვრის მწყემსვისა და შენახვის საფასურის ნაწილი, მაშინ, როცა ცხვარი აღარ ჰყავდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გიორგი ძიძიგური ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლთან ერთად, ა. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 – ვ. ა-ისა და დ-ის რაიონის სოფელ ზ. ო-ში მცხოვრები 10 დაზარალებულის ეპიზოდები) და მისთვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ-ი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

10. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას როგორც ქმედების გადაკვალიფიცირების, ისე – საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ა-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ა. ი-ის გამართლების ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

11. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე – შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, დამდგარი შედეგი, დაზარალებულების ლმობიერი პოზიცია და ა. ი-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

12. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე