საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №418აპ-19 თბილისი
პ-ი თ-ზ, 418აპ-19 26 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. პ-ის ადვოკატ დ. მ-ისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. პ-ს ბრალი დაედო:
ü სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების დახმარებაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით;
ü ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
· თ. პ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· თ. პ-ი, - დაბადებული -- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.
3. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
o 1999 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა შპს „მ.“ (ს/ნ ----), რომლის დირექტორიც 2005 წლიდან დღემდე არის თ. პ-ი;
o 2013 წლის 29 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (----) - ქ. ა-ში მდებარე: ს-ის, ხ-ის, მ-ის, წ. დ-ისა და კ-ეს, პ-ის, გ-ის, ს-ისა და ,-ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ა.“, რომელთანაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 11 სექტემბერს გააფორმა 1927600 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--;
o 2013 წლის 12 სექტემბერს შპს „ა-სა“, რომლის დირექტორია ო. თ-ი და შპს „მ.ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ტენდერით გათვალსწინებული ქ. ა-ში მდებარე: წ. დ-სა და კ-ეს (I-II), მ-სა და ს-ის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა შპს „ა-ს“, ხოლო ს-ის, ხ-ის, პ-ის, გ-ისა და მ-ის ქუჩების - შპს „მ.ს“, შპს „ა-ის“ მიერ წარდგენილი და განფასებული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად. სამუშაოების ღირებულებიდან 3% უნდა დარჩენოდა შპს „ა-ს“, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ჩაერიცხა შპს „მ-ის“ საბანკო ანგარიშზე. შეთანხმებისა და ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ.მ“ შეასრულა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
o შპს „მ-ის“ დირექტორმა თ. პ-მა მოისურვა მეტი ფინანსური სარგებლის მიღება და ამ მიზნით განიზრახა ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ იყო ფასიანი ქაღალდი. აღნიშნული მიზნითა და განზრახვით სამშნებლო სამუშაოების შესრულების შემდეგ თ. პ-მა შეადგინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აქტები - ფორმა №--ები და ფარული სამუშაოების შესრულების აქტები, სადაც მიუთითა შესრულებული სამუშაოების გაზრდილი მოცულობები და ღირებულებები და არ ასახა მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები. ამის შესახებ ასევე აცნობა შპს „ა-ის“ დირექტორს - ო. თ-ს და წარუდგინა მის მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა №--ები). ო. თ-მა და თ. პ-მა აღნიშნულ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №--ებში) დაფიქსირებულ სამუშაოთა მოცულობები და ღირებულებები დაადასტურეს ხელმოწერებით;
o თ. პ-ის მიერ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №-) ასახული მონაცემები (მოცულობა და ღირებულება) თავის მხრივ ო. თ-მა შპს „ა-ის“ მიერ შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №-) შეიტანა სრული მოცულობით, რომელიც წარადგინა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. აღნიშნული ფორმა №--ების საფუძველზე გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შპს „ა-ს“ ახალციხის მუნიციპალიტეტმა სრულად ჩაურიცხა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითა და ფორმა №2-ებით გათვალსწინებული თანხა. შპს „ა-სა“ და შპს „მ.ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ-მა“, მის მიერ შედგენილი ფორმა №--ების თანახმად, შეასრულა 879834 ლარად ღირებული სამუშაო, ღირებულების 3% - 26395 ლარი დაიტოვა შპს „ა.“, ხოლო 853439,8 ლარი გადაურიცხა შპს „მ.ს“. ფაქტობრივად კი ქ. ა-ში მდებარე: ს-ის, ხ-ის, მ-ის, წ. დ-ისა და კ-ეს, პ-ის, გ-ის, ს-ისა და ,-ის ქუჩების სარეაბილიტაციო შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1620612 ლარს, რაც 130785 ლარით ნაკლებია შპს „ა-ის“ მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №2) მითითებულ - 1751397 ლარზე;
o თ. პ-ის მიერ ყალბად დამზადებული და შპს „ა-ის“ დირექტორ ო. თ-თან წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების - ფორმა №--ების გამოყენებით შპს „მ.მ“ მიიღო მეტი ფინანსური სარგებელი. შპს „მ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მისი დირექტორის - თ. პ-ის მიერ ყალბად დამზადებული საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - შესრულებული სამუშაოების აქტების - საფუძველზე შპს „ა-ს“ ახალციხის მუნიციპალიტეტმა ჩაურიცხა 47898,09 ლარით მეტი თანხა, რომლის 3%, შპს „ა-სა“ და შპს „მ.ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაიტოვა შპს „ა.“, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაურიცხა შპს „მ.ს“.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
o მსჯავრდებულ თ. პ-ის ადვოკატმა დ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. პ-ის სრულად გამართლება;
o სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; თ. პ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით; მისთვის კანონიერი, სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
o მსჯავრდებულ თ. პ-ის ადვოკატმა დ. მ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. პ-ის სრულად გამართლებას;
o სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, რომელიც ითხოვს: თ. პ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონიერი, სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და დაცვის მხარის პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. პ-ის ადვოკატ დ. მ-ისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
გ. შავლიაშვილი