დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2021
საქმის ნომერი
2კ-206-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №206I -21 თბილისი

დ-ა ლ-ნ, 206I -21 12 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. დ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. დ-ას პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის განაჩენით ლ. დ-ა, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობაში დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 20 სექტემბრიდან.

2.2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. დ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. დ-ამ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ლ. დ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეიძლება გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით ლ. დ-ა მსჯავრდებულია ქურდობის მცდელობისათვის დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კერძოდ: მან დიდი ოდენობით ქურდობის მცდელობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი უფრო მკაცრი ნორმით.

3. ამდენად, მსჯავრდებულ ლ. დ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ. დ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. დ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე