დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.03.2021
საქმის ნომერი
2კ-301-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240141121004304576

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3011-21 ქ. თბილისი

კ–ა ზ., 3011-21 31 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ–ს საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით ზ. კ–ა - დაბადებული 19.. წელს - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 საათის ოდენობით.

ზ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 3 მარტიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებიდან, სხდომის დარბაზიდან.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე 6 თვის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაეწყო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ზ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათის ვადით.

სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზ. კ–ს მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ შეიცვალა პირობითი მსჯავრით. დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნა - 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 3 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათის ვადით.

3. 2021 წლის 23 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. კ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ:

- მსჯავრდებული ზ. კ–ა გათავისუფლდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2019 წლის 6 მარტის განაჩენის მოუხდელი სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან და საბოლოოდ ზ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

- ზ. კ–ს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

- სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი ზ. კ–ს მიმართ დანარჩენ მათ შორის დამატებითი სასჯელის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით) ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. კ–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

6. მსჯავრდებულმა ზ. კ–ამ საჩივრით ითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: 2381-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლება.

7. მსჯავრდებულ ზ. კ–ს მიმართ სასამართლო წარმოების მასალები სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 25 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სენაკის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ზ. კ–ს მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან გათავისუფლებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა) აღდგენის შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.“

4. სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზ. კ–ა გათავისუფლდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2019 წლის 6 მარტის განაჩენის მოუხდელი სასჯელისაგან (1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ ზ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ზ. კ–ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით(არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან ზ. კ–ა მსჯავრდებულია 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტი განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21) .

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე