დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 07.07.2011
საქმის ნომერი
ას-892-935-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-892-935-2011 7 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ბ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ლ-უა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ლ-უას მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ლ-უას მოსარჩელე გ. ბ-ძის სასარგებლოდ კოპიტის ჯიშის სამი ძირი ხის მოჭრით მიყენებული ქონებრივი (მატერიალური) ზიანის ნაწილში დაეკისრა 513 ლარისა და მიმდინარე ხარჯების _ 1200 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ გ. ბ-ძემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ჯ. ლ-უამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის და ჯ. ლ-უას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ჯ. ლ-უას მოსარჩელე გ. ბ-ძის სასარგებლოდ კოპიტის ჯიშის სამი ძირი ხის მოჭრით მიყენებული ქონებრივი (მატერიალური) ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 513 ლარის გადახდა, ასევე ჯ. ლ-უას მოსარჩელე გ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მგზავრობისა და სხვა მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ლ-უას გ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1652 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 347,90 ლარის ანაზღაურება, ჯ. ლ-უას გ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯების _ 436,80 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ლ-უამ გ. ბ-ძის კუთვნილ ეზოში მოჭრა 3 ძირი კოპიტის ხე. მოპასუხე აღნიშნულს არ უარყოფს და მხარეთა შორის სადავოა მხოლო ამ ხეების ღირებულება და რაოდენობა.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 409-ე, 412-ე მუხლების თანახმად პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად უნდა ანაზღაურდეს.

პალატის მითითებით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის საქმეში არაერთი აუდიტორული დასკვნაა წარმოდგენილი. გ. ბ-ძემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნაც, მაგრამ ისინი ერთმანეთის გამომრიცხავია. სასამართლომ გაიზიარა ს.ფ. 150-ზე საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, რადგან ჩათვალა, რომ მასში მოყვანილი ფასები სხვა დოკუმენტებთან შედარებით უფრო რეალურია.

აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე ერთი კუბური მეტრი კოპიტის ხის მასალის ღირებულება შეადგენს 400 აშშ დოლარს, ხოლო ერთი კუბური მეტრი საშეშე მასალის ღირებულებაა 70 ლარი. რაოდენობის განსაზღვრისათვის პალატამ იხელმძღვანელა საქმეში ს.ფ. 189-ზე წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით, რადგან იგი შედგენილია ხეების მოჭრის ადგილზე არსებული გადანაჭერი კუნძების შემოწმების, ჭრაში მონაწილე და შეშის მყიდველი პირების გამოკითხვის შედეგად. აუდიტის მიერ ადგილზე მოხდა ფოტოგადაღება. ე.ი. აღნიშნული დასკვნა შედგენილია ადგილზე შემოწმების შედეგად და დადგინდა, რომ მოჭრილია სამი ძირი კოპიტის ჯიშის ხე. სულ მოჭრილი ხეების მოცულობამ შეადგინა 9,1 კუბური მეტრი, საიდანაც საშეშე მასალაა 4,97 კუბური მეტრი, ხოლო სამასალე _ 4,13 კუბური მეტრი.

ზემოაღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ მოჭრილი კოპიტის ხის მასალის ღირებულება 4,13 X 400 აშშ დოლარზე = 1652 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო მოჭრილი საშეშე მასალის ღირებულებამ შეადგინა 4,97 X 70 ლარი = 347,90 ლარი.

ამდენად, სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ჯ. ლ-უას მიერ გ. ბ-ძეს კუთვნილი ხეების მოჭრის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი 1652 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (სამშენებლო მასალის ღირებულება) და 347,90 ლარის (საშეშე მასალის ღირებულება) ოდენობით, რაც უნდა დაეკისროს გადასახდელად ჯ. ლ-უას.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, პალატამ გაიზიარა ამ მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დამატებით განმარტა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, მორალური ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვება. მართალია, გ. ბ-ძე მიუთითებს, რომ ხეების მოჭრის ამბის გაგების შემდეგ დაკარგა განსჯის უნარი, მაგრამ ეს მხოლოდ მხარის განმარტებაა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც მას საქმეში არ წარმოუდგენია. მორალური ზიანი უმეტესად ასოცირდება პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან. აპელანტი კი ვერ ადასტურებს, რა ზომით და ფარგლებში მიადგა მორალური ზიანი, რა სახით შეილახა მისი პატივი და ღირსება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გ. ბ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე და 412-ე მუხლები. პალატას დავა უნდა გადაეწყვიტა ასევე ამავე კოდექსის 982-ე და 992-ე მუხლების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რა მიზეზით გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნები და უგულებელყო კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორმა პრეტენზია გამოთქვა სასამართლოს ფაქტობრივი დასაბუთების მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.