დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141221004273960
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1171-21 26 თებერვალი, 2021 წელი
ბ–ი გ., 1171-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჩ–ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 მაისის განაჩენით გ. ბ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 მარტიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. (საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განაჩენით გ. ბ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 აგვისტოდან.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება. გ. ბ–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ბ–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და საბოლოდ მოსახდელი სასჯელის სახით განესაზღვრა - 2 წელი. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 23 ივლისის განკარგულებით გ. ბ–ი შეწყალებულ იქნა და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. იგი სასჯელის კალენდარულად მოხდით საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 24 დეკემბერს.
3. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ–ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
6. მსჯავრდებულმა გ. ბ–მ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ მას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ გ. ბ–ის მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ბ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გ. ბ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება, კერძოდ:
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.
5. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული გ. ბ–ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ახალი დანაშაულის ჩადენის დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ბ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე