საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.06.2021
საქმის ნომერი
2კ-4აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №4აპ-21 თბილისი

ა-ი ტ-ნ, 4აპ-21 29 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ტ. ა-ს ბრალი დაედო:

ü თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ü ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად;

ü სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. მ-ს ბრალი დაედო:

ü ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად;

ü სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. მ-ში, კაფე-ბარ „--ში“ ლუდის მირთმევის შემდეგ, ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ. ა-მა რ. ა-ს მოტყუებით, თითქოს დარეკვის მიზნით, გამოართვა მისი კუთვნილი, 300 ლარად ღირებული „აიფონ 4-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნა და მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი;

o ამის შემდეგ, დაახლოებით 21:30 საათზე, იმავე ტერიტორიაზე, როდესაც რ. ა-მა სცადა, ტ. ა-ისათვის გამოერთმია თავისი ტელეფონი, რ. მ-მა უკნიდან კეფაში ჩაარტყა რკინის ხელკეტი, ხოლო ტ. ა-მა ხელთ არსებული დანით მარცხენა ხელზე მიაყენა ჭრილობა. აღნიშნული ქმედებებით ტ. ა-მა და რ. მ-მა რ. ა-ს მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

o აღნიშნულის შემდეგ რ. მ-ი და ტ. ა-ი წავიდნენ, ხოლო რ. ა-ი ქ. მ-ში, ჯ-ის დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, თავისივე ავტომანქანით მიიყვანა ო. ბ-მა. დაახლოებით 22:00 საათზე ტ. ა-ი და რ. მ-ი მივიდნენ ჯ-ის დასახლებაში, რ. ა-ის საცხოვრებლ სახლთან და ხელთ არსებული რკინის ხელკეტებით დააზიანეს მისი ავტომანქანა „ნისან ნოუთი“, სახელმწიფო №--, რითაც რ. ა-ს მიაყენეს 1200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით:

· ტ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში;

· ტ. ა-ი, - დაბადებული 2000 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ტ. ა-ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 17 ივლისიდან;

· რ. მ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

· რ. მ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 17 ივლისიდან.

5. განაჩენის მიხედვით:

ü ტ. ა-ს მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ü რ. მ-ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ასევე - სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

o მსჯავრდებულების - ტ. ა-ისა და რ. მ-ის ადვოკატმა ნ. ა-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულთათვის სასჯელის შემსუბუქება;

o მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, კერძოდ: ტ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო რ. მ-ის დამნაშავედ ცნობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, რ. მ-ისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღოს მისი პირობითი მსჯავრი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულთა ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენი რ. მ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში შეიცვალა, კერძოდ:

· რ. მ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

· რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ-ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 17 ივლისიდან;

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, კერძოდ: ტ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო რ. მ-ის დამნაშავედ ცნობას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ტ. ა-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, ხოლო რ. მ-ის ბრალეულობას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის - ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულები - ტ. ა-ი და რ. მ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაშაულების ჩადენისას ნასამართლევები იყვნენ წინა განაჩენებით, რის გამოც მათ მიმართ ამ დანაშაულებთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.

13. ამავე დროს პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ასევე ვერ აღსრულდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის დაზარალებულ რ. ა-ის თანხმობა მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე