საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.06.2021
საქმის ნომერი
2კ-973აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003545658

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №973აპ-20 ქ. თბილისი

გ–ი ი., 973აპ-20 4 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი. გ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ი. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც ჩაეთვალა პირობით; იმავე კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, ი. გ–ს აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი, ხოლო სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლით.

გაუქმდა მსჯავრდებულ ი. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. მასვე დაეკისრა მოვალეობა, რომ გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

მსჯავრდებულ ი. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 3 მარტიდან 2020 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ი. გ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 2 მარტს, ღამის საათებში, ...........ში, სოფელ .........ში, მირზა ..........ს მე-.. ჩიხის N..-ში ი. გ–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დედას - ს. ა–ს, კერძოდ: დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა, მოკლავდა, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- ი. გ–ი თანაცხოვრების პერიოდში თვეების განმავლობაში - 2020 წლის 2 მარტამდე, ...............ში, სოფელ ...........ში, .......... მე-.. ჩიხის N..-ში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ს. ა–ს, რომელსაც ლანძღავდა, აგინებდა, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. გ–სთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: ი. გ–ის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ის, რომ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და ისე შეუფარდა სასჯელი, რაც სამართლიანია და შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც სასჯელის დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი