საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002909367
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №980აპ-20 ქ. თბილისი
ო–ე დ., 980აპ-20 10 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ დ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. ო–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით: ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა თავისი მეუღლის წინააღმდეგ, არ უნდა იქნეს მიჩნეული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით სრულად დასტურდება დ. ო–ს ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში;
- მსჯავრდებულ დ. ო–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ო–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ. ო–ს ბრალეულობა; შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, პირდაპირმა მოწმეებმა - დაზარალებულმა თ. ო–მ და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა - გ. და ნ. ო–ებმა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და ოჯახის წევრის - დ. ო–ს წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება, ხოლო ბრალდების მხარის სხვა დანარჩენ მოწმეთა ჩვენებები ირიბია, რის გამოც სასამართლოს ისინი არ უნდა მიეჩნია დ. ო–ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად; გარდა ამისა, თარჯიმნის, ფსიქოლოგისა და სხვა პირთა ირიბი ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და შეუსაბამო, ამასთან, ისინი ძირითადად გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, ხოლო მოწმეთა ჩვენებებით კი დგინდება, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ო–ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით; დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის დამცირება, იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სქესის გამო, ოჯახის წევრის მიმართ.
დ. ო–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, გ.....ს რაიონის სოფელ .........ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, დ. ო–მ მეუღლეზე - თ. ო–ზე თავიანთ არასრულწლოვანი შვილების - ნ. ო–ისა და გ. ო–ის თანდასწრებით ოჯახში იძალადა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, კერძოდ: მთვრალმა დ. ო–მ თ. ო–ე ზურგით და თავით რამდენჯერმე მიაჯახა კედელს და კარადაზე, ხელი რამდენჯერმე მოუჭირა ყელში, მოქაჩა თმა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რის შედეგადაც თ. ო–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
- ამავე დროს, დ. ო–ე თ. ო–ეს სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც თ. ო–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- დ. ო–ე მეუღლეს - თ. ო–ეს 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე დროის მონაკვეთში, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ: სისტემატურად ლანძღავდა უშვერი, ღირსების შემლახავი სიტყვებით, უგინებდა ოჯახს და მოიხსენიებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, რის შედეგადაც თ. ო–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
- 2019 წლის 1 თებერვალს, შუადღის საათებში, გ.....ს რაიონის სოფელ .........ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა დ. ო–მ მეუღლეზე თ. ო–ზე თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - ნ. ო–ისა და გ. ო–ის თანდასწრებით ჩაიდინა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სქესის გამო, კერძოდ: იძულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ დ. ო–მ რეზინის მილისა და ღუმლის რკინის საჩხრეკის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ. ო–ს და მისი ნების სწინააღმდეგოდ, აიძულა, შემძვრალიყო მათ საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ქვეშ, ვინაიდან იქ იყო მისი ადგილი, რითაც თ. ო–ე ჩააყენა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. დ. ო–ე აგრძელებდა თ. ო–ს მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას და მისი ნების საწინააღმდეგოდ, საწოლის ქვეშ მყოფ თ. ო–ს რკინის საჩხრეკის გამოყენებით, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყმდა ფეხებში და ამასთან ერთად, ბოთლით ასხამდა ცივ წყალს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რითაც ამცირებდა მას, ხოლო თ. ო–ე განიცდიდა ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას. დ. ო–ს აღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- იმავე დღეს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ. ო–მ გადაწყვიტა გაეგრძელებინა თ. ო–ს მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. მან ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა თ. ო–ე, ასულიყო საწოლზე და დამდგარიყო ხელებგაშლილი. ამასთან, გააცხელა ლითონის შესადუღებელი ხელსაწყო - სარჩილავი და დაემუქრა, თუ ჩამოუშვებდა ხელებს, დაწვავდა. დ. ო–ს ქმედებით დამამცირებელ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში მყოფმა თ. ო–მ ვეღარ გაუძლო ტანჯვას და ხელები ჩამოსწია, რა დროსაც დ. ო–ე მოეპყრო მას არაადამიანურად, გაცხელებული სარჩილავი დაადო მარცხენა მაჯაზე და მიაყენა დამწვრობა. აღნიშნული ქმედებით თ. ო–მ განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი, მორალური ტანჯვა და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დ. ო–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
დ. ო–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ. ო–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით
.
გაუქმდა დ. ო–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
მსჯავრდებულ დ. ო–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ო–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
- მსჯავრდებულ დ. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. ო–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ო–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა თ. ო–მ და არასრულწლოვანმა მოწმე ნ. ო–მ გამოიყენეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცეს ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის - დ. ო–ს წინააღმდეგ, ხოლო არასრულწლოვანი მოწმის - გ. ო–ის საპროცესო წარმომადგენლმა გამოიყენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი და გ. ო–ის დაკითხვაზე განაცხადა უარი, მაგრამ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) შერაცხული მსჯავრდების ეპიზოდებში ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ი. ბ–ს, გ. ც–ს, თ. კ–ს, ი. მ–ს, ტ. ჩ–ს, ფ. ფ–ს, დ. კ–ს, მ. ჯ–ს, პ. ჯ–ს, მ. ა–ს, გ. კ–ს, გ. ც–ს, ლ. მ–ს, ნ. კ–ს, მ. მ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო №... ბარათი, თ. ო–ს 2019 წლის 26 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 7 ოქტომბრის დასკვა, საინჟინრო-ექსპერტიზის 2019 წლის 26 სექტემბრის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 26 ივნისის დასკვნა, სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 29 მარტის დასკვნა, სასასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 14 მარტის დასკვნა, 2019 წლის 3 თებერვლის N.... შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მისი ბრალეულობა.
9. ასევე უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მითითება, რომ დ. ო–ს ბრალდების ყველა ეპიზოდში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ. ო–ს ბრალეულობას და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც დ. ო–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. დ. ო–ს მიერ თ. ო–ს სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ, მართალია, მოწმეებმა - ი. ბ–მ და გ. ც–მ განმარტეს, რომ მეუღლეებს შორის მუდმივად არსებობდა კონფლიქტი, მაგრამ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შესახებ ვერ გადმოსცემენ, ისევე როგორც ექსპერტი მ. მ–ი, რომელმაც განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დ. ო–ს ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა მისი ჩვენებაც ბრალდების ამ ნაწილში არის ზოგადი ხასიათის, კონკრეტული ფაქტების მითითების გარეშე. მუქარის ეპიზოდთან მიმართებით კი აღსანიშნავია, რომ როგორც ზემოთაც აღინიშნა, დაზარალებულმა თ. ო–მ უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც არ დგინდება მუქარის შედეგად განიცადა თუ არა დაზარალებულმა საფუძვლიანი შიში, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არც ამ ნაწილში აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი.
10. გარდა ამისა, დ. ო–ს ბრალდების 2019 წლის 7 იანვარისა და 2019 წლის 1 თებერვლის ეპიზოდებში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ. ო–მ მეუღლეზე იძალდა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, პირველ შემთხვევაში მსჯავრდებულმა დაზარალებულზე იძალადა სტუმრად მხოლოდ მისი ნათესავების დაპატიჟებისთვის, ხოლო მეორე შემთხვევაში - ეჭვიანობის ნიადაგზე, რის გამოც დანაშაულები სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილად ვერ ჩაითვლება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ დ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი