საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120003412234
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №665აპ-21 ქ. თბილისი
თ-ა ნ, 665აპ-21 9 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:
ნ. თ-ა, - დაბადებული .... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ივლისის პირველი ნახევრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ივლისის მეორე ნახევრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (19 სექტემბრის ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (25 სექტემბრის ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 2 წლით, რომლის ფარგლებშიც დაეკისრა დღე-ღამის 18:00 საათიდან 10:00 საათამდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
ნ. თ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ოთხი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის ივლისის პირველ ნახევარში, დღისით, ზ-ი, თ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზ-ს ოფისში მყოფი ნ. თ-ა ამავე ორგანიზაციის იურისტს, ი. შ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის ივლისის მეორე ნახევარში, დღისით, ზ-ი, თ-ს ქუჩის №----ში მდებარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზ-ს ოფისში მყოფი ნ. თ-ა ამავე ორგანიზაციის იურისტს, ი. შ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის 19 სექტემბერს, დღისით, ზ-ი, თ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზ-ს ოფისში მყოფი ნ. თ-ა ამავე ორგანიზაციის იურისტს, ი. შ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის 25 სექტემბერს, დღისით, ზ-ი, თ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზ-ს ოფისში მყოფი ნ. თ-ა ამავე ორგანიზაციის იურისტს ი. შ-ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ნ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივლისის პირველი ნახევრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივლისის მეორე ნახევრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 წლით; მასვე დაეკისრა თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება დღე-ღამის განმავლობაში - 18:00 საათიდან 10:00 საათამდე დროის პერიოდში. შინაპატიმრობის ვადა აითვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2020 წლის 4 ნოემბრიდან.
4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ნ. თ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოწმე ი. შ-მ დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ის არასოდეს ყოფილა მარტო სამსახურში. მის ოთახში არ შემოსულა ნ. თ-ა. მისი მისამართით ილანძღებოდა. განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ გამწარებული ქალის აგრესია, ვინაიდან მის ყოფილ ქმარს ი. შ-მ შეუდგინა დოკუმენტი. ბუნებრივია, მსჯავრდებულის მხრიდან მუქარა რეალური რომ ყოფილიყო, მას ამის განხორციელების შესაძლებლობაც ექნებოდა; მაგრამ ეს იყო გამწარებული ქალის არაფრისმომცემი სიტყვები, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა. დაცვის მხარის პოზიციით, ჯ. ჭ-მ ხელი შეუწყო ნ. თ-ს პასუხისგებაში მიცემას. დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ნ. თ-ა არასოდეს ყოფილა ნასამართლევი. მას მძიმე წარსული აქვს, ორი შვილი ჰყავს გარდაცვლილი; აქვს ჯანმრთელობის პრობლემებიც და თუნდაც ვარაუდითაც კი ვერ აღასრულებდა ამ მუქარას, თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა (რასაც თვით მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს).
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
6.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტი. საფუძვლიანი შიშის შესაფასებლად სასამართლო მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას; ამასთან, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც, დაზარალებულის ქმედებებიდან გამომდინარე, ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე. მაგალითად, დაზარალებული მარტო აღარ გადაადგილდება ქუჩაში, ესაუბრება თავის ახლობლებს, რომ მართლაც ეშინია მუქარის აღსრულების და ა.შ.. ამდენად, დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მსჯავრდების თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით შეაფასებს იმ მტკიცებულებათა შინაარსს, რომლებიც, კასატორის პოზიციით, არ არის საკმარისი ნ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გამტყუნებისათვის.
6.4.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის ივლისის პირველი ნახევარი):
საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებული მოწმის - ი. შ-ს, მოწმეების: ჯ. ჭ-ს, მ. გ-ს, კ. ჩ-ს ჩვენებები ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას ნ. თ-ს მოცემულ ეპიზოდში გამტყუნებისათვის, კერძოდ:
დაზარალებულმა ი. შ-მ მოწმედ დაკითხვის დროს ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ნ. თ-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, კერძოდ, რომ ამოთხრიდა თვალებს, თუ ქუჩაში ნახავდა, თმით ითრევდა და ყელს გამოჭრიდა. აღნიშნულზე დაზარალებულს გაუჩნდა შიში, რომ მსჯავრდებულს შესაძლოა, ქუჩაში მართლაც განეხორციელებინა მუქარა.
მოწმე მ. გ-მ კი მიუთითა, რომ ნ. თ-ა დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა, ყოველთვის აქ არ იქნებოდა და ქუჩაში გაუსწორდებოდა. მოწმის განმარტებით, მუქარების შემდეგ დაზარალებული შეიცვალა. არ დადიოდა ფეხით, სამსახურში მარტო არ რჩებოდა, ნ. თ-ს გადამეტებული ემოციების გამო ფიქრობდა, რომ იგი შეასრულებდა მუქარას.
კ. ჩ-ა მიუთითებს, რომ ნ. თ-ა დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ ქუჩაში როდესაც გავიდოდა, სცემდა და დაახრჩობდა. დაზარალებული ამას ძალიან განიცდიდა.
ის, რომ ნ. თ-ა იყო აგრესიული, დასტურდება ჯ. ჭ-ს ჩვენებითაც. ამავე მოწმეს დაზარალებულმა უთხრა, რომ მას ნ. თ-ს მისვლის ეშინოდა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული ინფორმაცია შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის არსებობის ფაქტს, კერძოდ, რომ ნ. თ-ა ი. შ-ს ემუქრებდა სიცოცხლის მოსპობით, რომლის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა დაზარალებულს; მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და მათში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
შესაბამისად, მსჯავრდების ამ ეპიზოდში დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
6.4.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის ივლისის მეორე ნახევარი):
დაზარალებულ ი. შ-ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის ივლისის ბოლოს ნ. თ-ა კვლავ მივიდა ოფისში და ეუბნებოდა - რა დღეში ჩამაგდე, შენ გამო დავრბივარ, არ გაიხარე, მოგკლავ, ვერ გადამირჩებიო. იგი უხსნიდა, რომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ ნ. თ-ს არ ესმოდა და უფრო აგრესიულად ეძახდა - მოგკლავ, თვალებს დაგთხრიო. აღნიშნულის გამო დაზარალებულს შიში გაუჩნდა.
მოწმე მ. გ-მ მიუთითა, რომ ნ. თ-ა ოფისში ყოველ მისვლაზე გამოხატავდა აგრესიას ი-ს მიმართ, მოკვლით ემუქრებოდა მას, ლანძღავდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის ივლისში ასეთი ფაქტები ორჯერ მოხდა. დაზარალებული ფიქრობდა, რომ ნ. თ-ა შეასრულებდა მუქარას.
ფაქტი, რომ დაზარალებული ნ. თ-ს მუქარის გამო იყო შეშინებული, დასტურდება მოწმე ჯ. ჭ-ს ჩვენებითაც.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ნათლად არის გამოკვეთილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ისე ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტი.
6.4.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი):
დაზარალებულ ი. შ-ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 19 სექტემბერს ნ. თ-ა მივიდა ოფისში, შეუვარდა ოთახში და დაემუქრა - მოგკლავ, ყელს გამოგჭრიო. ნ. თ-ა ფიქრობდა, რომ მან დააშორა მეუღლეს, რის გამოც ძალიან ჰყავდა ამოჩემებული.
დაზარალებულის ჩვენება ამ ეპიზოდში გამყარებულია მოწმე მ. გ-ს ჩვენებით.
ხოლო ფაქტი, რომ დაზარალებული ნ. თ-ს მუქარის გამო იყო შეშინებული, თავად ი. შ-ს ჩვენების გარდა, დასტურდება მოწმეების - ჯ. ჭ-ა და რ. ლ-ს ჩვენებებით. ამასთან, მოწმე მ. გ-მ ისიც კი მიუთითა, რომ ნ. თ-ს მხრიდან განხორციელებული მუქარების შემდეგ ი. შეიცვალა და თუ მანამდე ფეხით სიარული უყვარდა, ამის მერე უკვე აღარ დადიოდა და სამსახურშიც არ რჩებოდა მარტო.
ამდენად, ამ ნაწილშიც ნ. თ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და დაცვის მხარეს არ მიუთითებია რაიმე სახის ახალ გარემოებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.
6.4.4. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი):
დაზარალებულმა ი. შ-მ მიუთითა, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს ნ. თ-ა ისევ მივიდა ოფისში, რა დროსაც იყო განრისხებული, ყვიროდა და ლანძღავდა მას, ემუქრებოდა - მოგკლავ, ნახე, თუ არ შევასრულო, არ შეგარჩენ, თვალებს დაგთხრი, თმით გითრევო. უკვე მიხვდა, რომ სხვაგვარად ვერ მოაგვარებდა ამ პრობლემას და დარეკა პოლიციაში. დაზარალებულმა აგრეთვე მიუთითა მუქარის გამო შიშის გაჩენის ფაქტზე.
№2537648 შეტყობინებით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს 112-ში შევიდა მოქ. ი. შ-ს შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში მას მოქალაქე ემუქრებოდა მოკვლით.
დაზარალებულის ჩვენება ამ ეპიზოდში როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ისე საფუძვლიანი შიშის არსებობის ნაწილში გამყარებულია მოწმეების: მ. გ-ს, ჯ. ჭ-ა და კ. ჩ-ს ჩვენებებით.
ამდენად, მსჯავრდების აღნიშნული ეპიზოდი, სხვა, ზემოაღნიშნულ სამ ეპიზოდთან ერთად, ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაცვის მხარის მოსაზრებები მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულს შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
6.6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი