დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.06.2021
საქმის ნომერი
1აგ.-2021
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700128632

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1აგ-21 10 ივნისი, 2021 წელი

კ–ე ი., 1აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ი. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. კ–ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. კ–ს შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის უკან გათხოვნის შესახებ და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

3. 2020 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულმა ი. კ–მ და ითხოვა სააპელაციო საჩივრის გათხოვნის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის უფლების აღდგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. კ–მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითება, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - სსსკ-ის) 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. კასატორი - მსჯავრდებული ი. კ–ე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ი. კ–ს განმარტებით, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ადგილი ჰქონდა უკანონო ზეწოლის ფაქტს და იგი იძულებული გახდა გაეთხოვა სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ კი თვითნებურად და კანონსაწინააღმდეგოდ შეწყვიტა წარმოებაში მიღებული სააპელაციო საჩივრის განხილვა, რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილებით.

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. კ–ს არგუმენტაციას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ამდენად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს რომ განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისთვის პროცესის მწარმოებელი პირის (მათ შორის მოსამართლის ) მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ და არა სამართლის სხვა სუბიექტის მიერ. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორი განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინპექტორის გადაწყვეტილებაზე მითითებით და არ არის წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას ი. კ–ს სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით.

5. სასამართლო ასევე ითვალიწინებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის 2020 წლის 5 ნოემბრის (№75/296) გადაწყვეტილების (ტომი №1; ს.ფ. 6-9) დასკვნითი ნაწილის თანახმად, „….. მოქმედებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი ეჭვი შეეტანა აპელანტის ნების თავისუფლებაში და შეეზღუდა იგი საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების კუთხით“, რის გამოც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილებით ი. კ–ს 2018 წლის 4 დეკემბრის №75/296 საჩივარზე შეწყდა დისციპლინური დევნა.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება ი. კ–ს საქმეზე საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. კ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე