საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.06.2021
საქმის ნომერი
2კ-196აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003680667

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №196აპ-21 ქ. თბილისი

შ–ა ი., 196აპ-21 15 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. შ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებული ი. შ–ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ი. შენგელიას გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ი. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.

2020 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ი. შ–ა თ........ში, ...........ში, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. ნ–ს კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის „ბ“ კლასის 2008 წლის მოდელის ავტომანქანის (სახ.№........) გვერდითა ხედვის სარკეებს, ღირებულს 500 ლარად და გ. ტ–ს კუთვნილი „ლექსუსის“ ფირმის „......“ მოდელის ავტომანქანის (სახ.№........) გვერდითა ხედვის სარკეებს, ღირებულს 1000 ლარად. აღნიშნულმა ქმედებამ 1500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. შ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 აპრილიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ი. შ–ა, თ-ში, ...........ში, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. ნ–ს კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის „ბ“ კლასის 2008 წლის მოდელის ავტომანქანის (სახ.№.........) გვერდითა ხედვის სარკეებს, ღირებულს 500 ლარად. ბრალდებულ ი. შ–ს ქმედებამ 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის - გ. ტ–ს კუთვნილი სარკეების ფარული დაუფლების ნაწილშიც და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

8. საკასაციო სასამართლო კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. შ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. დაზარალებულ დ. ნ–ს ჩვენებით, ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით, 2020 წლის 9 აპრილის საცხოვრებელი ბინის (ოთახის) ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი. შ–ა ცხოვრობდა ნაქირავებ სახლში და იმ სახლში სხვა ადამიანებსაც შეეძლოთ გადაადგილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და ეს არგუმენტაცია მოგონილია მსჯავრდებულის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მოტივით.

10. სასამართლო მიუთითებს: საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ი. შ–ს ნაქირავები ჰქონდა ცალკე განთავსებული, იზოლირებული ოთახი, სადაც ცხოვრობდა მარტო და მის ოთახთან შეხება არავის ჰქონია (ტ.1.ს.ფ.45-60).

11. კასატორების მიერ საჩივარში მითითებულ საკითხებსა და გარემოებებზე სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. შ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე