დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802221004726716
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№380I-21 ქ. თბილისი
ა–ი ო., 380I-21 25 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო. ა–ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2017 წლის 9 ნოემბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. ნ-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს N 2017/184-2017/201 განაჩენით ო. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 109/3-f, 109/5 მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 103/2, 103/6 მუხლით (არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით ო. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და 12 წლითა და 6 თვით.
2018 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნული განაჩენი თ-ს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა ძალაში.
2018 წლის 16 ნოემბერს გამოიცა ო. ა–ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
2018 წლის 21 ნოემბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. ნ-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს გადაწყვეტილებით ო. ა–ს მიმართ დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 14 წლითა და 12 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თ-ს რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ო. ა–მ ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 9 წელი და 7 თვე.
2020 წლის 18 ივნისიდან ო. ა–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ო. ა–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 19 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ა–ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით ო. ა–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ო. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის 19 ოქტომბერს, თ-ს რესპუბლიკაში, ქ. ნ-ში, სრულწლოვანმა ო. ა–მ 14 წელს მიუღწეველი (13 წლის), დაზარალებური პირი - ს. ჯ. ავტომობილით წაიყვანა საფეხბურთო მოედნის მიმდებარე უკაცრიელ ადგილას და მასთან დაამყარა სქესობრივი კონტაქტი გაუკუღმართებული გზით. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო დაწესებულების 1379-ე დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული შემთხვევის შედეგად, დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობა დაზიანდა.
4. 2021 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ო. ა–ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. ნ-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის N2017/184-2017/201 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილ ო. ა–ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. ნ-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის N2017/184-2017/201 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ო. ა–ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ო. ა–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no. 21447/11, 35839/11, §65, 66; ECtHR, 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
4. თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ა–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 19 აპრილს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ო. ა–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ო. ა–ი არის თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე.
6. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ო. ა–ი არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვით ან პოლიტიკური თავშესაფარით საქართველოში, ამასთან, არ გააჩნია საერთაშორისო დაცვის მაძიებლის სტატუსი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 7 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა თ-ს რესპუბლიკის მოქალაქო ო. ა–მ, რომელსაც 2021 წლის 17 ივნისს უარი ეთქვა საქმის არსებით განხილვაზე ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით დადგენილი ვადების დარღვევის გამო, ხოლო გადაწყვეტილება ხელზე ჩაბარდა 2021 წლის 17 ივნისს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.
9. ო. ა–ს მიერ განხორციელებული ქმედებები დასჯადია თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 109/3-f, 109/5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 103/2, 103/6 (არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით. ამასთან, ზემოაღნიშნული დანაშაულები თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ხნის ვადით, ხოლო ო. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა და 12 თვით, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 9 წელი და 7 თვე.
10. ო. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 7 წლიდან 10 წლამდე ვადით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 7 წლიდან 9 წლამდე ვადით. ამრიგად, ო. ა–ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
11. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ო. ა–ი მსჯავრდებულია თ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ო. ა–ს მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენის თარიღის (2017 წელი) მხდველობაში მიღებითაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არცერთ დანაშაულთან მიმართებით არ არის გასული.
12. ამასთან, თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
13. დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ო. ა–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ო. ა–ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ო. ა–ს უფლებები სრულად იქნება დაცული.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
16. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
17. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ო. ა–ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე, ვინაიდან მისი მეუღლე გაძევებულ იქნა თ-ს რესპუბლიკიდან თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
18. სასამართლო აღნიშნავს: წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ა–ს მეუღლე გაძევებულ იქნა თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებით თ-ს რესპუბლიკიდან და მას არ აქვს თ-ს რესპუბლიკაში შესვლის ან ცხოვრების კანონიერი უფლება, რაც შექმნის გადაულახავ დაბრკოლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური ცხოვრების განხორციელებისათვის.
19. ასევე საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ა–ს მეუღლის საქართველოში საერთოდ ყოფნის ფაქტი.
20. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
21. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ო. ა–ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი; მისი ექსტრადიცია მოითხოვება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის; არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ა–ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ა–ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. ნევშეჰირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის N2017/184-2017/201 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე