დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.06.2021
საქმის ნომერი
85აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142220700126504

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №85აგ-20 11 ივნისი, 2021 წელი

კ–ე ლ., 85აგ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. კ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განაჩენით ლ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 28 ნოემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. 2020 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ლ. კ–მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ლ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. ლ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში - მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაში სწორად განმარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი, როდესაც მიიჩნია, რომ ლ. კ–ე დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს აღნიშნულ ნორმაში მოქცეულ სუბიექტს, რომელსაც უფლება აქვს წარადგინოს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

4. საქმის მასალების თანახმად, ლ. კ–მ მოიხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული როგორც რეალური სასჯელი, ასევე - პირობითი მსჯავრი; შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტს, რადგან მოცემული მომენტისათვის უკვე არის სასჯელმოხდილი პირი, რომელიც არ არის მოხსენიებული ამ საპროცესო ნორმით გათვალისწინებულ ჩამონათვალში უფლებამოსილ სუბიექტთა შორის.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. კ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე