განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003213364
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №76აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ი ტ., 76აპ-21 24 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის, მსჯავრდებულ ტ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა–სა და ზ. მ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის განაჩენით ტ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,108-ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ბ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 13 ივლისიდან.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, ქ.თ–ში, ...............ს ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ტ. ბ–მ კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლის მიზნით რამდენჯერმე გაისროლა გ. ბ–ს მისამართით, რის შედეგადაც ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა მას გულმკერდის წინა კედელზე მარჯვნივ, მუცლის წინა კედელზე, მარჯვნივ, მარჯვენა მხრისა და მარჯვენა ტერფის პირველი თითის მიდამოში. ზ/აღნიშნული ქმედებით გ. ბ–ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები და სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, ქ.თ........ში, ...........ის ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერშელაპარაკებისას, ტ. ბ–მ კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მ. ნ–ს მარცხენა წვივის არეში განზრახ მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ტ. ბ–ს გამართლებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ტ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ტ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ბ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 13 ივლისიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ტ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ ტ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - თ. ა–ე და ზ. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ტ. ბ–ს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ტ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ ტ. ბ–ს გამართლების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ტ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულების - გ. ბ–სა და მ. ნ–ს, მოწმეების - დ. ს–ს, გ. ხ–ს, ვ. რ–ს, ვ. ხ–ს, ზ. გ–ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმა N......-ით) დასტურდება ტ. ბ–სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულ ტ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის განზრახვა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კონფლიქტის შეწყვეტისას, მიუხედავად იმისა, რომ ტ. ბ–ს ჰქონდა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა (ასეთი ქმედების ჩადენის განზახვის არსებობის შემთხვევაში), მან აღარ ესროლა დაზარალებულებს.
6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, გინებისა და მუქარის ფაქტს გ. ბ–ი არ ადასტურებს, მაგრამ ეს გარემოებები დასტურდება ტ. ბ–ს ჩვენებით. ასევე წარმოდგენილია მოწმე ვ. ხ–ს ჩვენება, რომელიც სრულადაა თანხვდენილი ტ. ბ–ს ჩვენებასთან და რომელმაც განმარტა, რომ მსჯავრდებულს ემუქრებოდნენ. მოწმე დ. ს–ს ჩვენებაც ადასტურებს სიტყვიერ კამათსა და ურთიერთგინებას. მისი ჩვენების თანახმად, პირველი შეხვედრისას მანაც აგინა ტ. ბ–ს და ეს უკანასკნელიც აგინებდა მათ. ტ. ბ–ს ჩვენების თანახმად კი, ის არის პოლიციელი, რაც, როგორც ჩანს, იცოდა დ. ს–მ. ამიტომ აგინებდა „პაგონებს“ და ემუქრებოდა გაზის მილზე ჩამოკიდებითა და გატყავებით.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე მომხდარ პირველ კონფლიქტთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაზარალებულ გ. ბ–ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც უთითებდა, რომ, თითქოს, მათ მხარეს ბრალდებულისათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. აღნიშნული განაპირობა გ. ბ–სა და შემთხვევის შემსწრე სხვა პირების მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებულმა წინააღმდეგობამ. დაზარალებულ გ. ბ–ის ჩვენებას იგივე პრობლემა აქვს უშუალოდ მომხდარი შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებითაც. ბ–ი თავის ჩვენებაში შეძლებისდაგვარად (შემთხვევის შემსწრე სხვა პირთა ჩვენებებით დგინდება საწინააღმდეგო) უარყოფს მის აგრესიულობას, ასევე უარყოფს, რომ თვითონ დაჯდა საჭესთან როდესაც დატოვეს შემთხვევის ადგილი.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემთხვევის შემსწრე, დაზარალებულ მ. ნ–სა და მოწმეების - ვ. რ–ს, ვ. ხ–სა და დ. ს–ის ჩვენები ურთიერთშესაბამისია და ავსებს ერთმანეთს.
9. უსაფუძვლობის გამო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების - დაცვის მხარის - მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული ტ. ბ–ი დაზარალებულთათვის დაზიანების მიყენების მომენტში იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. მისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფა არ ყოფილა რეალური, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება - უკიდურესობით გამოწვეული. ტ. ბ–ს მხრიდან დაზარალებულების მიმართ და ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღის არაერთი გასროლა, არ იყო აუცილებელი თავდაცვითი ქმედება ხელყოფის მოგერიებისთვის და არ წარმოადგენდა სხვა შესაძლო ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. დადგენილია, რომ გ. ბ–მა ერთხელ დაარტყა ტ. ბ–ს. ამის დანახვაზე ის დაიჭირა ვ. რ–მა და მეტად აღარ მისცა საშუალება მიახლოებოდა ტ. ბ–ს. ვ. რ–ის ჩვენების თანახმად, პირველი გასროლის შემდეგ გაჩერდნენ (ანუ წინ აღარ მიიწევდა არავინ), მას ეჭირა ბ–ი, იმ ორს კი (იგულისხმება ხ–ე და ს–ი) ნ–ე აკავებდა. მხოლოდ გინება ისმოდა და არა - ჩხუბი ფიზიკური ძალადობის მუქარა. აღნიშნული დასტურდება მ. ნ–ის ჩვენებითაც. კერძოდ, მ. ნ–ს ჩვენების თანახმად, დადგენილია, რომ: რ–ს ეჭირა ბ–ი და ეუბნებოდა, ბიჭო, სირცხვილია, უფროსი კაცია, ხვალ მოდი და გაარკვიეთ, თუ რამე გინდათო; თავად კი აკავებდა ორ პირს - ხ–სა და ს–ს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ როდესაც ტ. ბ–ი იარაღს ბ–ს მიმართულებით ისროდა, მასზე თავდასმა უკვე დასრულებული იყო.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ტ. ბ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელები.
11. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
12. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
13. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოდგენილია დაზარალებულ მ. ნ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ტ. ბ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ტ. ბ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ტ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა–სა და ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ტ. ბ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;
4. საბოლოოდ მსჯავრდებულ ტ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 13 ივლისიდან;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე