დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142221700133678
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №4აგ-21 14 მაისი, 2021 წელი
ნ–ი მ., 4აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განაჩენით მ. ნ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 4 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
მ. ნ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 ნოემბრიდან.
2. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, შევიდა მსჯავრდებულ მ. ნ–ს პირადი საქმე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ნ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. 2021 წლის 1 თებერვალს მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ნ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ დ. ნ–ს მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა განხილული, კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
7. მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ნ–მ 2021 წლის 22 თებერვალს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით მ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ნ-ისა და ო. ს–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
10. მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დავალებას, დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ. ნ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებისა და საქმის განხილვისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაადგინა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს მსჯავრი დაედო.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.“
4. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულ ო. ა–ს 2021 წლის 20 თებერვლით დათარიღებული, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, დაზარალებული თანხმობას აცხადებს მ. ნ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე, რადგან მსჯავრდებულმა ზიანი სრულად აანაზღაურა. რუსულ ენაზე შედგენილი განცხადება თარგმნა თარჯიმანმა ლ. ქ–მ და თარგმანი დაამოწმებინა სანოტარო წესით.
5. მ. ნ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით(ეხება ამნისტია).
6. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში მ. ნ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად, მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და განაჩენით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 3091-21; 2921-21; 2001-21 გადაწყვეტილება).
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე